ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა მოეწყო

0

12167065_867604993354244_440949407_nარუხლოს ნასახლარზე მომუშავე ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა და მისმა წევრებმა მუზეუმში  ისტორიული ძეგლის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს. შეხვედრას, რომელიც მუზეუმის ინიციატივით მოეწყო, ბოლნისის საზოგადოებასთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.

მოწვეულ საზოგადოებას ფოტომასალის დახმარებით, ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკა გააცნეს. ექსპედიციის წევრებმა ისაუბრეს  აღმოჩენილი ექსპონატების მნიშვნელობასა და მშენებლობის სტილზე.

„მართალია არუხლოს ნასახლარზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ ყველასთვის კარგადაა ცნობილი, თუმცა ქალბატონი ანნა აკოფიანის ინიციატივით, საჭიროდ ჩავთვალეთ  მოწვეული საზოგადოებისთვის უფრო დაწვრილებით და შინაარსობრივად  გაგვეცნო ამ ძეგლის მნიშვნელობა. წარმოვადგინეთ არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა, ვისაუბრეთ ძველ და ახალ აღმოჩენებზე.  ხაზგასმით გამოვყოფდი ბოლო ორი წლის აღმოჩენებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ზოგადად არუხლოს ისტორიული ძეგლი 8000 წლის წინანდელი ნასახლარია, რაც თავისთავად მეტყველებს მის მნიშვნელობაზე“,- განაცხადა ეროვნული მუზეუმის უფროსმა მეცნიერ-მუშაკმა, არუხლოს ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა გურამ მირცხულავამ.

როგორც ექსპედიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, არუხლოს ნასახლარზე აღმოჩენილია ქვევრები და მასში არსებული ყურძნის წიპწები, რაც იმას მოწმობს, რომ იმ პერიოდში ქვემო ქართლში განვითარებული იყო ვაზის კულტურა, ამასთან დაკავშირებით რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა ცნობილი ქართველი მსახიობების მონაწილეობით ფილმი გადაიღო, რომლის ჩვენებაც აღნიშნულ შეხვედრაზე გაიმართა.

არუხლოს ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც დაახლოებით ორ ჰექტარს მოიცავს, არქეოლოგიური გათხრები 1966-1985 წლებში მიმდინარეობდა შემდეგ გარკვეული პერიოდი შეჩერდა და მუშაობა 2005 წელს კვლავ განახლდა, მას შემდეგ უკვე მეთერთმეტე წელია ქართულ-გერმანული ექსპედიცია აქტიურად მუშაობს. აქ აღმოჩენილი ათასობით ძვლის, ქვის და რქის სამეურნეო თუ სამშენებლო იარაღები და ნასახლარის განლაგება არქეოლოგების ვარაუდით იმის დასტურია, რომ ამ ტერიტორიაზე მესაქონლეობა და მიწათმოქმედება ჯერ კიდევ 8000 წლის წინ იყო განვითარებული. ალიზის მრგვალი სახლები დასტურია იმისა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე ათასწლეულში ადამიანები, რომლებიც ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. სწორედ ეს აღმოჩენები ადასტურებს, რომ ყველაზე ადრინდელ სამიწათმოქმედო კულტურას საქართველოში არუხლოს გორა -ნამოსახლარზე ეწეოდნენ.

ნინო კარგარეთელი


Share.

Comments are closed.