ბოლნისის მუნიციპალიტეტი „საბაობა 2015“-ის აღსანიშნავად ემზადება

0

13_nკულტურული დღეები  1 ნოემბერს აიღებს სტარტს და 4 ნოემბერს საბას ძეგლთან მოწყობილი ლიტერატურული ღონისძიებითა და ფეიერვერკით დაგვირგვინდება.

„საბაობა 2015“-ის ფარგლებში ბოლნისის კულტურის სახლის შემოქმედებითი კოლექტივების, ქალაქის ბიბლითეკების, მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურისა და ააიპ „საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების“ ერთობლივი ძალებით არაერთი ლიტერატურული, შემეცნებითი, თეატრალიზებული თუ ფოლკლორული საღამო მოეწყობა.

ღონისძიებებს საქველმოქმედო სახე ექნება, შემოსული თანხა  ამირან ფრუიძის ანგარიშზე ჩაირიცხება, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

„ვერ ვიტყვი რომ ძალიან მასშტაბური და გრანდიოზული იქნება, მაგრამ ეს ის დღეა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით, ამიტომ ვცდილობთ „საბაობა 2015“ ჩატარდეს ლამაზად. გვინდა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ იგრძნოს, რომ ეს არის სახალხო დღესასწაული. 1 ნოემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობაა დაგეგმილი. საკმაოდ საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებებს ამზადებენ ქალაქის ბიბლიოთეკები. დაგეგმილია შეხვედრები მამა ილიასთან და პოეტ  თინათინ მღვდლიაშვილთან. ბოლნისის კულტურის სახლის თეატრალური მიმართულებით მომუშავე კოლექტივები არაჩვეულებრივ თეატრალიზებულ ღონისძიებებს წარმოგვიდგენენ. დასკვნით დღეს კი რუსთავის „ფოლკლორის სკოლის“ ანსამბლი სოლო კონცერტს ჩაატარებს. ასე რომ „საბაობა 2015“-თან დაკავშირებით დიდი სამზადისია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ყველგან სასიამოვნო ფუსფუსი იგრძნობა ამ მიმართულებით. ვეცდებით ღონისძიებები იყოს მრავალფეროვანი, რომლებსაც ლაიტმოტივად გაჰყვება ისევ და ისევ საბა. თითქმის ყველა საკითხი გადაჭრილია, დაგვრჩა გარკვეული ნიუანსები, რომლის გავლის შემდეგაც შეგვეძლება საჯაროდ დავაანონსოთ თითოეული ღონისძიება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა.


Share.

Leave A Reply