„ბოლნისის ენის სახლი“ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

0

12092763_758728707590080_281442252_nპროექტის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციები ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობას განახორციელებენ, მასში ჩართული 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის იქნება ინტერკულტურული დიალოგის, ეთნოგრაფიის, ხატვის კურსები, მოხდება ასევე ნახატების გამოფენა, ანიმაციური ფილმის გადაღება და ჩვენება.

პროექტის მიზანია  საზღვრის მიღმა მულტი-კულტურული დიალოგის ხელშეწყობა და სახალხო დიპლომატიის ხაზით ახალგაზრდების გაცვლა, ქალაქ გიუმრსა და ბოლნისში მცხოვრები მოზარდების ურთიერთობის გამყარება.

„პროექტის ფარგლებში ბოლნისსა და ქალაქ გიუმრში გავხსნით საზაფხულო ბანაკებს, ბანაკში ყოფნის პერიოდში ბავშვები დაუახლოვდებიან ერთმანეთს, გაეცნობიან ერთმანეთის  ტრადიციებს, კულტურას, ეს იქნება მათი დამეგობრების, ურთიერთობის, კულტურული დიალოგის საწყისი. პროექტში ჩართული მოზარდებისთვის გვექნება ოთხი სასწავლო კურსი. პროფესიონალი მასწავლებლების დახმარებით ისინი შეისწავლიან და გაეცნობიან ბევრ საინტერესო საკითხს. მათთვის მოხდება ზღაპრების ჩვენება, შემდეგ დახატავენ ზღაპრების გმირებს. მოეწყობა ნახატების გამოფენა. ყველა აქტივობაზე გადავიღებთ ანიმაციურ ფილმს. პროექტში ჩასართავად სკოლებში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს შევარჩევთ. ეს არის ერთობლივი გაცვლითი პროგრამა, რა ღონისძიებებიც განხორციელდება ბოლნისში, ანალოგიური აქტივობა გვექნება  ქალაქ გიუმრშიც“,-განაცხადა bolnisi.ge-თან აიპ „ბოლნისის ენის სახლის“ ხელმძღვანელმა ირმა ზურაბაშვილმა.

საქართველო-სომხეთის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ერთობლივი საზღვრისპირა პროექტის განსახორციელებლად წარდგენილი იყო 40  განაცხადი. გამოვლინდა 8 გამარჯვებული აპლიკანტი – 4 საქართველოდან და 4 სომხეთიდან. ევროკავშირმა საქართველო-სომხეთის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამაზე  1.35 მილიონი ევრო გამოყო.

კონკურსის გამარჯვებულებმა 25 სექტემბერს ქალაქ დილიჟანში ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებებს. „ბოლნისის ენის სახლმა“ პარტნიორ ორგანიზაცია „ქალაქის კვლევით ცენტრთან“ ერთად, ერთი წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს პროექტი „ზღაპრების სწავლება“. პროექტი  ევროკავშირის მიერ 60 ათასი ევროთი ფინანსდება.


Share.

Comments are closed.