ფესტივალიდან ბოლნისელები დიპლომებითა და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ. ფესტივალი სახელწოდებით „ოქროს შემოდგომა“ 23-25 ოქტომბერს მესტიაში ჩატარდა, რომელიც ქართული ცეკვით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სიონმა“ გახსნა. მაყურებლის წინაშე ანსამბლი კიდევ სამი ნომრით წარსდგა.
„ფესტივალის გახსნის და დახურვის პატივი წილად ჩვენ გვხვდა. სულ ოთხი ცეკვა შევასრულეთ. გადმოგვეცა ფესტივალის სამკერდე ნიშნები და დიპლომები. ასევე სიმბოლური საჩუქარი და მადლობის სიგელი გამოგვატანეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელობასთან. გარდა იმისა, რომ კმაყოფილი ვარ ფესტივალის მიმდინარეობით, შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი, მესტიის სილამაზით აღფრთოვანებული ვარ. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ მსგავსი სილამაზე არსად მინახავს“, -განაცხადა ანსამბლის ქორეოგრაფმა ბესო ტოგონიძემ.