დღეს მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში მცირე ფერმერებისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საგრანტო კონკურსის პირობების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: მცირე ფერმერთა ჯგუფებს; ჯგუფებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩამოყალიბდნენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებად; ახალგაზრდულ ჯგუფებს და ფერმერთა იმ ჯგუფს სადაც 30% ქალია.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით დაფინანსდება: მანქანა-დანადგარები; სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებები; შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები; სხვადასხვა ინვენტარი, ხელსაწყოები; შესაფუთი საშუალებები, სოკოსა და ბოსტნეულის წარმოება.
არ დაფინანსდება: მეცხოველეობის სექტორი; ალკოჰოლის და თამბაქოს საშუალებების შესყიდვა-წარმოება; შენობა-ნაგებობებისა და მიწის შესყიდვა-იჯარა და საკონსულტაციო მომსახურება.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე წელია ახორციელებს აღნიშნულ პროექტს.
თამარ ნასყიდაშვილი, პროგრამის მენეჯერი აღმოსავლეთ საქართველოში:
– შეხვედრის ძირითადი მიზანია დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ საგრანტო კონკურსის პირობები, გვსურს ამ პროექტის სახით ხელი შევუწყოთ საქართველოს განვითარებასა და წინსვლას სასოფლო-სამეურნეო დარგში. გვინდა ბევრი ადამიანი ჩაერთოს პროექტში და მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, სამწუხაროდ პირველ ეტაპზე 8 კონკურსანტი გვყავდა, მათგან მხოლოდ ორმა ჯგუფმა მოიპოვა 70% გრანტი.
თორნიკე კაპანაძე, კოოპერატივ „მიგრინო“-ს თავმჯდომარე:
_ გასულ წელს შევიტანეთ განაცხადი, გავიარეთ ყველა ეტაპი, რომელსაც პროექტი ითვალისწინებდა და გრანტის სახით ფონდმა A C F შეგვიძინა ევროპული წარმოების მისაბმელიანი ტრაქტორი სრული აღჭურვილობით. კმაყოფილები ვართ პროექტში რომ ჩავერთეთ და იმედი გვაქვს სამომავლოდ ჩვენი მოსავალი უფრო გაიზრდება.
ნონა ბენიძე, კოოპერატივ „ევპრა“-ს თავმჯდომარე:
– დიდი შრომის შედეგად და ფონდის გვერდში დგომით მივიღე გრანტის სახით 70%-იანი დაფინანსება. ვაპირებთ საოჯახო წარმოება გავზარდოთ და ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ტყემალი, აჯიკას და საწებლის სხვადასხვა ნაირსახეობას.
დაინტერესებული პირებისათვის საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადა 29 სექტემბერია.