პრემიერ მინისტრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სპეციალური განკარგულება გამოსცა

0

mtavrobaსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გამოსცა N 1973 განკარგულება ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ადგილობრივი რისკ-ფაქტორების განსაზღვრისა და შეფასების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.
სამთომადნო წარმოების (ოქროსა და სპილენძის მოპოვება) ტექნოლოგიური პროცესების შედეგად გამოყოფილი მავნე პროდუქტებისა (მძიმე მეტალები) და საბოლოო ნარჩენების ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაძლო ზემოქმედების შეფასებისა და პრევენციული სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებების მიზნით, სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით მიმდინარე წლის 26-27 სექტემბერს ჩატარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები.
გარდა პროფილაქტიკური გამოკვლევებისა, განკარგულებით სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დაევალა განახორციელოს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში გარემოს (ზედაპირული წყლების, ატმოსფერული ჰაერისა და ნიადაგის) დაბინძურების მონიტორინგი.
14 სექტემბერს მთავრობის მეთაურის მიერ გამოცემული განკარგულებით სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ზემოაღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში განახორციელოს სასმელი წყლის, ნედლი რძისა და ხილ-ბოსტნეულის უვნებლობის პარამეტრების მონიტორინგი.


Share.

Comments are closed.