ვარლამ კილასონია:” ჩავთვალე, რომ ეს რისკი ღირდა”

0

10421413_1028305130513617_111833561411197482_nუმაღლესი ლიგის,  მე-4  ტურის მატჩი, “სიონმა”, ქუთაისში, “საპოვნელას” წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით – 0:0 დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისელები კოლოსალურ  უპირატესობას ფლობდნენ, მომენტების რეალიზება მაინც ვერ მოახერხეს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა და თამაში შეაფასა. მისი თქმით, ბევრი საგოლე მომენტის და უპირატესობის მიუხედავად, არ შეიძლება თამაში დადებითად შეფასდეს. ცვლილება კი ყოველთვის რისკია, რომელიც ხან ამართებს და ხან ვერა.

„ჩვენი გუნდი ჯერ არ არის მზად, ყველა მეტოქესთან, სამი ქულა აიღოს. რა თქმა უნდა, მცდელობა ყოველთვის იქნება ნებისმიერ თამაშზე უმაღლესი შედეგი დავდოთ და ამისკენ მივისწრაფით.

რაც შეეხება “საპოვნელასთან” მატჩს, ფეხბურთში ისეა, შეიძლება უამრავი საგოლე მომენტი შექმნა და მისი რეალიზება ვერ შეძლო. “საპოვნელასთან” უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა. პირველ ნახევარშივე, შეგვეძლო, თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიგვეყვანა, რასაც გამარჯვება ჰქვია. მეორე ტაიმშიც უპირატესობას ვფლობდით და ბევრ მომენტს ვქმნიდით, ამას დაერთო ცოტა ნერვიულობა. სამწუხაროდ, სასურველი შედეგით თამაში ვერ დავასრულეთ. ვიტყოდი, რომ ჩვენი დღე არ იყო.

მწვრთნელი ნებისმიერ შეცვლას როდესაც აკეთებს, იმაზე ფიქრობს, რომ გუნდი გააძლიეროს და გარდატეხა შეიტანოს თამაშში. რა თქმა უნდა, რისკის ფაქტორი იყო, ამ ანგარიშზე მცველის შეცვლა მეორე თავდამსხმელით, მაგრამ ჩვენ იმხელა უპირატესობა გვქონდა,  ჩავთვალე, რომ ეს რისკი ღირდა. თამაში რომ ყოფილიყო თანაბარი, ასეთ რისკზე, რა თქმა უნდა, არ წავიდოდი.  მათ შეეძლოთ 90-ე წუთზე ჩვენთვის გოლი გაეტანათ, მაგრამ ჩვენც შეგვეძლო, იგივე ბოლო 15 წუთში, 3-4 გოლის გატანა. ასე რომ, არავინ არ იცის, შეცდომა იყო თუ არა“, – განაცხადა კილასონიამ.

ბოლნისის “სიონი” საქართველოს თასის მერვედფინალურ შეხვედრას, ლანჩხუთში, “გურიის” წინააღმდეგ, 16 სექტემბერს გამართავს. გუნდი ოთხდღიან შეკრებაზე ურეკში იმყოფება. კილასონიამ ჩვენს ვებ-გვერდზე გურიასთან შანსებზეც ისაუბრა.

“სანამ თამაში დიწყება, შანსები თანაბარია  –  50/50-ზე. ჩვენ უკვე ვეთამაშეთ “გურიას”. სამწუხაროდ,  ჩემპიონატში, ორ მოწინააღმდეგეს, რომლებსაც ვაჯობეთ თამაშით, ქულები დავკარგეთ, ხოლო “კოლხეთთან” და “შუქურასთან”, სადაც ძალიან მძიმე შეხვედრა გვქონდა,  იქ სამი ქულა მოვიპოვეთ. ვთვლი, რომ „გურიასთან“ შანსები თანაბარია, თუმცა, ბარიერი დასაძლევია.

კილასონიას ტრავმა ძალიან სერიოზული იყო. ჩვენ გვეგონა, რომ შედარებით ადრე მოახერხებდა ვარჯიშის დაწყებას, თუმცა  ასე არ აღმოჩნდა. მან უკვე დაიწყო ვარჯიში და იმედია, ოქტომბრის ბოლოსთვის გუნდს შემოუერთდება. რაც შეეხება გიორბელიძეს, მისი ტრავმა არ არის მძიმე და ის მალე დაგვიბრუნდება“, –  ამბობს კილასონია.

ოთხი ტურის შემდეგ, “სიონი” რვა ქულით მეექვსე ადგილზეა და წაუგებლად ასპარეზობას განაგრძობს.


Share.

Comments are closed.