ბოლნისში პროფესიული სასწავლებლის დაარსების საკითხი აქტიურ ფაზაში შედის

0

12015136_1035852703142515_6119280129867026274_oბოლნისში ოფიციალური ვიზიტით გერმანული ფონდის „ებერჰარდ შიოკის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა უმასპინძლა. ფონდი, რომელიც 23 წელია არსებობს და სამშენებლო განხრით პროფესიულ განათლებას იძლევა, ბოლნისში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას გეგმავს. გერმანულ მხარეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პროექტის განხორცილებელაში მხარდაჭერა აღუთქვა და აცნობა, რომ შენობა, რომელიც ფონდის წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ მოინახულეს,ამჟამად ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იმყოფება და თვითმმართველობა მზად არის შენობა პროფესიული სასწავლებლის დაფუძნებისთვის ფონდს გადასცეს.

,,ებერჰარდ შიოკის” წარმომადგენელმა დოქტორ იურგენ ვიკერტმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს აცნობა, რომ ნოემბერში ექვსკაციანი დელეგაცია, რომელშიც გოგი მეშველიანიც იქნება, უკრაინას ესტუმრება და კიევში ფონდის მიერ დაფუძნებული პროფესიული სასწავლებლის ფუნქციონირებას ადგილზე გაეცნობა.

ფონდის წარმომადგენლობამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოლაპარაკებები რამდენჯერმე გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. პროფესიულ ცენტრში სწავლება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმითა და ცხრილით მოხდება, სწავლის ხანგრძლივობა 5 წელს გასტანს და გაიცემა სახელმწიფო დიპლომი.
ფონდმა საპილოტე მუნიციპალიტეტად ბოლნისი შემთხვევით არ შეარჩია. გერმანულ მხარეს სურს სასწავლებელი სწორედ იმ ადგილას დააფუძნოს, სადაც საქართველოში ყველაზე დიდი გერმანული დასახლება -კატერინენფელდი იყო.

,,ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ ის 200 წლიანი გერმანულ-ქართული ურთიერთობა, რომელიც არის საქართველოსა და გერმანელებს შორის,  მალე გახდება 200 წელი იმ თარიღიდან, როდესაც გერმანელები ჩამოვიდნენ ბოლნისში, ამიტომ ავირჩიეთ ეს ქალაქი,”- განაცხადა BOLNISI.GE-სთან საუბარში  ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრმა დოქტორ იურგენ ვიკერტმა.

,,სტუმრად გვყავდა გერმანული ფონდის ,,ებერჰარდ შიოკის“ წარმომადგენლობა. განვიხილეთ ფონდის მიერ ბოლნისში პროფესიული სასწავლებლის დაფუძნების საკითხი, რომელიც სამშენებლო კუთხით პროფესიონალი კადრების მომზადებას გულისხმობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შენობა, რომელიც ფონდის წარმომადგენლებმა გერმანულ უბანში შეარჩიეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა და ჩვენი მოთხოვნით ერთი კვირაა რაც გადმოგვეცა. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ შეხვედრას მომზადებული დავხვდით. ადგილობრივი თვითმმართველობა მზად არის მხარი დაუჭიროს ამ პროექტის განხორციელებას, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბოლნისის განვითარებისთვის,”- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Comments are closed.