სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით მიმდინარე წლის 26-27 სექტემბერს ჩატარდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები.
აღნიშნული აქცია ტარდება „ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ადგილობრივი რისკ-ფაქტორების განსაზღვრისა და შეფასების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1973 განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისად და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის თანამშრომლები და ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატეს“ ექიმ-სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამედიცინო გუნდი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის და სოფელი ბალიჭის მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები და საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ინსტრუმენტული (ეკგ, ექოსკოპია) და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდება 26 და 27 სექტემბერს ( 26 სექტემბერს ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის და ექიმი რადიოლოგის კონსულტაციები, ხოლო 27 სექტემბერს ოჯახის ექიმის, ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის და ექიმი რადიოლოგის კონსულტაციები).
ექიმები განთავსდებიან დაბა კაზრეთში ყოფილი პოლიცია/გამგეობის შენობაში.
მიღების საათები: 11 სთ-დან 17 საათამდე.