არუხლოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა გრძელდება

0

aruxlo1 ათასობით ძვლის, ქვის და რქის სამეურნეო თუ სამშენებლო იარაღები და ნასახლარის განლაგება არქეოლოგების ვარაუდით იმის დასტურია, რომ ამ ტერიტორიაზე მესაქონლეობა და მიწათმოქმედება ჯერ კიდევ 8000 წლის წინ იყო განვითარებული. ალიზის მრგვალი სახლები დასტურია იმისა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე ათასწლეულში ადამიანები, რომლებიც ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. სწორედ ეს აღმოჩენები ადასტურებს, რომ ყველაზე ადრინდელ სამიწადმოქმედო კულტურას საქართველოში არუხლოს გორა -ნამოსახლარზე მისდევდნენ.
ექსპედიციამ არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ნასახლარზე მიაკვლია უცნაური ფორმის თხრილებს, მათი დანიშნულება მდებარეობიდან გამომდინარე სპეციალისტებისთვის უცნობია. არხები რამდენიმე ადგილზე აგურის კედლებით არის გადაკეტილი. პროფესორ სვენდ ჰანსენის ვარაუდით არხებს სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. ექსპედიციაში, რომელიც მეათე წელია გრძელდება, ეროვნული მუზეუმის მკვლევარებთან და სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ მოწვეული სპეციალისტები რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და პოლონეთიდან, ისინი იკვლევენ ნამოსახლარს, სადაც პირველი ადამიანი ძვ.წელთაღიცხვით VI ათასწლეულში დასახლდა.
არუხლოს ნასახლარის შესწავლა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. კავკასიისა და მახლობელ აღმოსავლეთში აღმოჩენილმა ახალმა კულტურებმა კავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურების მიმართ ინტერესის ზრდა გამოიწვიეს და სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე 2005 წელს ისევ განახლდა. საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების გაერთიანებული საერთაშორისო ექსპედიცია სამუშაოებს არუხლოს ნასახლარზე შემოდგომის ბოლოს დაასრულებს. მათი მიზანია კავკასიაში ნეოლითური კულტურის ქრონოლოგიის დაზუსტება.


Share.

Comments are closed.