„არემჯი“ სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირებს ცილისწამებაში ადანაშაულებს

0

1911749_665705246861898_9151288480871257008_nკომპანია „არემჯი“ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კომპანიის ყოფილი თანამშრომლების სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული ინფორმაცია სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა გავრცელა.  „არემჯიში“ განმარტავენ, რომ სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების თაობაზე, გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო და კომპანია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ იმსჯელებს.

„კომპანია „არემჯი“ ეხმაურება პროფკავშირის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას 14 ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ხსენებულ დავაზე გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა პირველი ინსტანციის მიერ. ამ ეტაპზე დავა საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ კომპანია იმსჯელებს მისი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების შესახებ.

აქვე გვსურს კიდევ ერთხელ ვამხილოთ პროფკავშირი მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ ქმედებებში კომპანია „არემჯის“ წინააღმდეგ. კერძოდ, სიმართლეს არ შეესაბამება პროფკავშირის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს შრომითი კოლექტივის ყოფილი წევრების მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის ზეწოლას სარჩელზე უარის თქმის მიზნით. დავის პროცესში მოსარჩელეთა უმეტეს ნაწილთან კომპანიამ მიაღწია შეთანხმებას ურთიერთმისაღებ პირობებზე, რის გამოც მათ უარი თქვეს დავის განხილვაში შემდგომ მონაწილეობაზე. ნაწილი მოსარჩელეებისა უკვე დასაქმებულია კომპანიაში, ხოლო დარჩენილი ნაწილის დასაქმება იგეგმება უახლოეს მომავალში.

პროფკავშირის მორიგი დეზინფორმაციული განცხადებიდან გამომდინარე გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროფკავშირი იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ დავის პირველ ინსტანციაში დასრულებამდე მოსარჩელეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და მხარეებმა პროფკავშირის დახმარების გარეშე გამონახეს საერთო ენა და მიაღწიეს შეთანხმებებს ურთიერთმისაღებ პირობებზე“, – ნათქვამია კომპანია „არემჯის“ განცხადებაში.

R


Share.

Comments are closed.