წმინდა ელია თეზბიტელის ხატი – საშობაო საჩუქარი პატრიარქისთვის

0

11852934_871384789616564_618130722_o,,ადრე ხეზე, ლითონზე, გრაფიკაში, ფერწერაში, არასაეკლესიო თემებზე ვმუშაობდი. თხუთმეტი წლის წინ ვთხოვე უფალს, რაღაც ახალი, განსხვავებული შემექმნა. 2-3 წლის მერე დავიწყე ხატების წერა და პერანგით მოჭედვა, რასაც დღემდე ვაგრძელებ. ჩემი ნამუშევრები მრავალ ეკლესია-მონასტერშია დაბრძანებული. ერთი ხატი, ღვთისმშობლის ფოჩაევოდ წოდებული, პატრიარქმა 2011 წელს კიევში წააბრძანა და მონასტერს საჩუქრად გადასცა,’’ – ამბობს ხატმწერი, მოქანდაკე, მხატვარი და სტიქაროსანი შალვა გერაძე, რომელმაც ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და 12 წელია, რაც ხატწერაზე მუშაობს. მის მიერ შექმნილი ხატები საქართველოს თითქმის ყველა ტაძარშია დაბრძანებული, ამჟამად კი პატრიარქის საშობაო საჩუქრს ამზადებს და წმინდა ელია თეზბიტელის ხატზე მუშაობს, რომლის შექმნაშიც უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ამ ღვთივ კურთხეულ საქმეში მონაწილეობის სურვილს ვინც გამოთქვამს, ბატონი შალვა ყველას დიდი სიხარულით მიიღებს. თუ რატომ გადაწყვიტა პატრიარქისათვის ხალხს მიეძღვნა საჩუქარი და ამ ყველაფერში თავისი დიდი შრომა ჩაედო, შალვა გერაძე თავად გვესაუბრება:
– მინდა ყველას მივესალმო და გულით ვუსურვო სიკეთე და ბედნიერება, ბავშვობიდან ვხატავ და ათ წელზე მეტია, რაც ხატებს ვწერ, ვქმნი ლითონის პერანგში. სადღაც ორმოცდაათამდე ხატი მაქვს შექმნილი, კიდევ ბევრს მოვასწრებდი, უბრალოდ ლითონი დიდ დროს მოითხოვს. ჯერ იქმნება ხატის ესკიზი, მერე გადადის ლითონზე, ლითონის დანით იხაზება ესკიზი, მოხაზვის შემდეგ იწყება ჭედვა უკნიდან, მერე დაჟანგვა და ბოლოს თვლების ჩასმა-გალაკვა. შეცდომის დაშვების უფლებას არ გაძლევს ლითონი, მასზე არასწორი დარტყმა, ძალიან რთულად სწორდება.

– პირველი ხატი, რომელიც შექმენით, ვისი სახელობის იყო და რომელ ტაძარში დააბრძანეთ?

– ჩემი პირველი ხატი იყო ღვთისმშობლის ,,დაშრიტე მწუხარება ჩემი’’ -ასეთი სახელწოდებით. ანტონ მარტყოფელის ეკლესიაში, საბურთალოზეა დაბრძანებული.

– როდის გაიცანით პატრიარქი და რატომ გადაწყვიტეთ საშობაო საჩუქარი გადასცეთ?

– პატრიარქს პირველად 2001 წელს შევხვდი, მაშინაც ხატი გადავეცი საჩუქრად და მეორეჯერ, როდესაც ჩვენი საგვარეულო ხატი ,,მე ვარ, ვენახი ჭეშმარიტი’’ აკურთხა. ახლა ვმუშაობ ელია თეზბიტელის ხატზე რომელიც ასევე პატრიარქისთვის მინდა, ეს წმინდანი პატრიარქის მფარველია და მის სახელს ატარებს და გადავწყვიტე შემექმნა ელიას ხატი ხუთი სიუჟეტით მისი ცხოვრებიდან.

– რამდენი ხანია რაც ამ ხატზე მუშაობთ?

– სამი თვეა რაც წმ.ელიას ხატზე ვმუშაობ, დაახლოებით სამ თვეში დასრულდება თავისი კიოტით და საშობაოდ მივართმევთ უწმინდესს. დავისახე მიზნად, რაც შეიძლება მეტი ხალხი ჩავრთო, ნახონ რა შეიქმნება, გაიგონ წმ.ელიას ცხოვრება, სამწუხაროდ ბევრი არ იცნობს ამ დიდ წინასწარმეტყველს. გაიგებენ და მონაწილეობას მიიღებენ ამ დიდ საქმეში. სავარაუდოდ, ხატი სამების საკათედრო ტაძარში დაიდებს ბინას. ყველას ექნება საშუალება, რომ მოილოცოს. რაც კი ოდესმე ხატი შემიქმნია, ეს ხატი ზომებში ყველაზე დიდია, ყველაზე მეტი თვლებით იქნება შემკული. დალოცოს, გააძლიეროს საქართველო და ქართველი ხალხი, წმინდა ელიას ლოცვა შეგვეწიოს. მადლობას ვუხდი ვინც გვერდში დამიდგა, მათი დახმარებით ვქმნი ამ დიდებულ ხატს, შეუწიროს უფალმა ყველას, მადლობა.

– გმადლობთ ბატონო შალვა, დიდი იმედი მაქვს უამრავი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ხატის შექმნაში, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ასეთი შრომისთვის.

დარეჯან ოქრუაშვილი

11854014_871384222949954_1450236072_n 11830266_871387326282977_749158280_n


Share.

Comments are closed.