ბოლნისში, სულხან-საბასა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე, რიტუალების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დეკორატიული კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ნაწილობრივ ჩამონგრეული ძველი ტუფის სააფარი, პლაკატებისაგან და სხვადასხვა სარეკლამო ბანერებისგან დაზიანებული მონაკვეთი მალე ბოლნისის მწვანე ტუფის დეკორატიული საფარით შეიცვლება და განათდება.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.
„საპროექტო სამუშაოები არა ელექტრონული ტენდერის სახით, არამედ კონკურსის წესით შევისყიდეთ, სადაც ყურადღება ვიზუალურ მხარეს და დიზაინს ექცევა. სამწუხაროდ, ერთი კონკურსანტი გვყავდა და არჩევანიც არ გვქონდა. საპროექტო სამსახურმა წარმოგვიდგინა არსებული ტერიტორიის მონახაზი. მწვანე ტუფში გაწყობილი კედელი, რომლის ზემოთაც განთავსდება განათებული ბანერები საარჩევნო და სხვადასხვა სარეკლამო მიზნებისათვის. ასევე მოეწყობა ტროტუარი, დამონტაჟდება დამცავი ბოძები ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. პარალელურად სარეაბილიტაციო სამუშაოები მოპირდაპირე სკვერსაც ჩაუტარდება. მოხდება ძველი კედლის საფარის აღდგენა, გაწმენდა, გალაკვა, ტროტუარის მოწყობა და დასასვენებელი სკამების განთავსება. საპროექტო შესყიდვების შემდეგ გამოვაცხადეთ ტენდერი სამუშოების შესრულებაზე, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული. ამ ეტაპზე სამუშაოების 60-70% შესრულებულია“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმღვანელმა კონსტანტინე კორძაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყო და 15 სექტემბერს დასრულდება.