რა ხდება ბოლნისის „ყოჩებში” – ინტერვიუ კლუბის დირექტორთან

0
10426694_291142451087841_1265383428244854770_nბოლნისის “ყოჩები” ახალი სეზონისთვის მზადებას აგერ უკვე სამი კვირაა შეუდგა. ორშაბათიდან გუნდი, რომელშიც უამრავი სიახლეა, შეკრებაზე ასპინძაში მიდის, ხოლო 8 აგვისტოდან რუსთავის ოთხთა ტურნირში ჩაებმება.
რა ხდება ბოლნისის “ყოჩებში”, დაწვრილებით კლუბის დირექტორი თემურ გაფრინდაშვილი მოგვიყვება.
თემურ გაფრინდაშვილი: შარშანდელი სეზონისთვის მზადება უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ყველაზე ადრე, პრაქტიკულად შეუსვენებლივ დავიწყეთ. ინტენსიურმა ვარჯიშებმა სეზონის პირველ ნაწილში შედეგი მოიტანა, მაგრამ ამის შემდეგ გუნდს უკუსვლა დაეტყო. გუნდმა რომ წაგებები დაიწყო ჩანდა, რომ რესურსი გვქონდა, მაგრამ მას არასწორად ვიყენებდით და ეს ჩვენი ბრალია. აქ არა საუბარი მწვრთნელებისა და მოთამაშეების ბრალეულობაზე, არამედ კლუბის ხელმძღვანელობის შეცდომებზე ვამახვილებ ყურადღებას. სწორედ ჩვენ დავგეგმეთ წინასასეზონო მზადების შეუსვენებლივ დაწყება და მერე გამოჩნდა, რომ ეს არასწორი იყო. ეს გამოცდილებაა, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გამოგვადგება.
მოკლედ, ძალების არასწორმა გადანაწილებამ ფინალს მიღმა დაგვტოვა. “ლელოსთან” წაგებული პლეი ოფის შემდეგ, ჩვენ თამაშის შედეგი გავასაჩივრეთ, ვფიქრობდით მსაჯების შეცდომაზე და დებულების დარღვევაზე, მაგრამ ეს ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება იყო. არ ვამბობ, არასწორად მოვიქეცითთქო, მაგრამ ამ და მერე “ლოკომოტივთან” მარცხის მიზეზი მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ. ჯამში, მესამე ადგილის დაკავება ურიგო შედეგი არ იყო. კლუბმა სულ რაღაც ორი წელია რაც სხვადასხვა გუნდებში დაფანტული მოთამაშეები შეკრიბა და გასულ წელთან შედარებით უკეთესი თამაში აჩვენა და უკეთესი ადგილიც დაიკავა. ჩვენი ამბიციები წელსაც დიდია და ახალ ჩემპიონატში მინიმუმ ფინალში გასვლას ვეცდებით.
-მზადების დაგეგმარებაში დაშვებული შეცდომები ახსენეთ და წელს ამ კუთხით რა შეიცვალა?
-ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ “ყოჩების” მთავარი მწვრთნელი ვიქტორ დიდებულიძე გახდა, რომელსაც რაგბის ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს და რომელიც ფრანგულ “მასიში” მუშაობს მწვრთნელად. მისი ჩვენს გუნდში ყოფნა, უკვე ბევრ რამეზე მეტყველევს. მასთან იმუშავებს მწვრთნელების ის შემადგენლობა რომელიც გასულ სეზონში გვყავდა – ირაკლი გიორხელიძე, რატი ურუშაძე, ალექსანდრე ესაკია და აკაკი ცინცაძე (ფიზ.მომზადება). ამ ადამიანებმა გუნდთან მუშაობის დიდი გამოცდილება დააგროვეს და ეს აუცილებლად იქნება შედეგის მომტანი.
ვფიქრობთ, შეიცვლება მიდგომა სამედიცინო კუთხითაც. ჩვენთან აგერ უკვე მესამე სეზონია ოდისეი სადოევი მუშაობს და მოვალეობებს თავს კარგად ართმევს, მაგრამ გვინდა ეს ხაზი გავაძლიეროთ და მას დამხმარე ეყოლება.
ცვლილებებია ვარჯიშის მეთოდიკაში და ინტენსივობაში. გუნდი ივლისის შუა რიცხვებში შეიკრიბა და ყოველდღიურად ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. მომავალი სეზონისთვის “ყოჩების” თამაშში ტაქტიკური სიახლეები იგეგმება. რამდენიმე მონახაზი გვექნება და ერთი შეხვედრის დროს ჩვენი თამაშის სტილი შესაძლოა ორჯერ, ან სამჯერ შეიცვალოს. ამ ეტაპზე უდიდესი ყურადღება ფიზმომზადებას ეთმობა, 3 აგვისტოს ასპინძაში მივდივართ ხუთდღიან შეკრებაზე და იქ ვარჯიშები მხოლოდ ბურთით იქნება და ტაქტიკაც დაიხვეწება.
-რა ცვლილებები მოხდა “ყოჩების” შემადგენლობაში?
-გუნდიდან წავიდნენ შავლეგ მახარაშვილი და გიგი გაბუნია, რომელთა წასვლამაც ყველას გული დაგვწყვიტა. ორივე “არმიაში” გადავიდა და ეს დანაკლისი დაგვეტყობა, თუმცა, ჩვენ ამის შევსებას ვეცდებით. მე წასულ მორაგბეებს წარმატებას ვუსურვებ და დავამატებ, რომ “ყოჩები” ყოველთვის მზადაა, სურვილის შემთხვევაში ისინი კვლავ თავისთან მიიღოს.
სხვა მხრივ შენარჩუნდა ის ბირთვი, რომელიც “ყოჩებში” იყო და არა მხოლოდ მომავალ, იმის შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება. პირიქით, რამდენიმე მოთამაშე დაგვემატა და სოლიდური შევსება მივიღეთ. დაგვიბრუნდა ჩვენივე აღზრდილი რამდენიმე ძლიერი მორაგბე: გიორგი კაჭარავა, რომელიც “ლელოში” 9 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ ხაზში ნებისმიერი ადგილის დაფარვა შეუძლია; ასევე “ლელოდან” გვიბრუნდება “ყოჩების” კიდევ ერთი აღზრდილი, გარემარბი სანდრო ნიჟარაძე და “ლელოდანვე” დავიმატეთ თორნიკე ცერცვაძე, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო შუამარბია. ამის შემდეგ “ყოჩების” ხაზში კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა და ეს დასახული ამოცანების შესრულებაში დაგვეხმარება.
რაც შეეხება შერკინებას: ჩვენთან კარიერას გააგრძელებს “აკადემიას” აღზრდილი მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც წლებია საფრანგეთში გამოდიოდა და ბოლოს “კარკერანის” ღირსებას იცავდა. ის ძალიან ძლიერი მორაგბეა და იმედია, მისი საქართველოში დაბრუნება დროებითია, მერე კი, საფრანგეთში უფრო ძლიერ გუნდში გაემგზავრება. ის არის იმ დონის მორაგბე, რომ მწამს, შეთავაზებას აუცილებლად მიიღებს, მანამდე კი, ჩვენთან იქნება. გაჩეჩილაძეს “მზარდ საქართველოშიც” აქვს ნათამაშები და ჩვენს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. კიდევ ორი მორაგბე პირველი ლიგის კლუბ ქუთაისის “ბაგრატიდან” დაგვემატა. ესენი არიან მეორეხაზელი ელდარ ბოჭორიშვილი, რომელიც რამდენიმე თვეა ჩვენთან ვარჯიშობს, გუნდს კარგად შეეწყო და ახლა უკვე თამაშის უფლებაც ექნება და ბურჯი ვალერი აშვეთია. პირველ ხაზში კონკურენცია ძალიან დიდია, მაგრამ ბევრი რამ სწორედ მასზეა დამოკიდებული. ვარლამმა და ელდარმა მაქსიმუმი უნდა გაიღონ, რათა სასტარტო შემადგენლობაში მოიპოვონ ადგილი. ყოველ შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ამ პოზიციებზე ბირთვის ღირსეული შემცვლელები უკვე გვყავს.
-ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაანონსდა, რომ “ყოჩები” ჯაბა ბრეგვაძე დაბრუნდა, მაგრამ მას თამაშმა არ მოუწია. მასთან დაკავშირებით რა სიტუაციაა?
-ჯაბა ბრეგვაძე ჩვენს განაცხადშია და ის ბოლნისის “ყოჩების” მოქმედი მოთამაშეა, მაგრამ გასულ სეზონში მოედანზე ტრავმის გამო ვერ გავიდა. ახლა ის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასისთვის ემზადება. მე მას მსოფლიო თასზე წარმატებულ თამაშს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ მასზე საფრანგეთიდან, ან ევროპის რომელიმე წამყვანი სარაგბო ქვეყნის გუნდიდან შეთავაზებები ექნება. ვფიქრობ, ამის ალბათობა 1 პროცენტიც არაა, მაგრამ თუ ჯაბას წაყვანას არავინ მოისურვებს, ის ჩვენთან ითამაშებს.
-თითქმის ანალოგიური სიტუაციაა შალვა მამუკაშვილთან დაკავშირებით, რომელსაც ინგლისის “სეილ შარქსთან” კონტრაქტი დაუმთავრდა.
-თავის დროზე ის “სეილში” “ყოჩებიდან” წავიდა, ჩვენთან უნდა ეთამაშა ეს შეთავაზება რომ მიიღო. დარწმუნებული ვარ, ჯაბას მსგავსად, ისიც მაღალ დონეზე ჩაატარებს მსოფლიო თასს და კარიერას რომელიმე ძლიერ ევროპულ გუნდში გააგრძელებს. თუ რაღაც პერიოდი ასე არ მოხდა, “ყოჩები” მზადაა ის თავის რიგებში მიიღოს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მასთან შეთანხმებით მოხდება.
-გასული სეზონის დასრულების შემდეგ, თქვენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდით. წინა შეთანხმებით, “ყოჩებისა” და ამ ქალაქის თანამშრომლობა ორწლიანი იყო და როგორც ჩანს, ის გახანგრძლივებულია.
-მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჩემპიონი ვერ გახდა და ვერც ფინალში გავიდა, თანამშრომლობა გრძელდება და კლუბის მიმართ ყურადღება გაიზარდა. ჯამში ბოლნისთან ჩვენი თანამშრომლობა დადებითად შეფასდა და ის კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა, თუმცა, უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, სამი და ოთხწლიანიც გახდეს, რადგან ესაა ერთობლივი, წარმატებული პროექტი. ბოლნისში ყველამ კარგად დაინახა, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, შეცდომები კი, ყველას მოსდის. შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხრიდან უფრო მეტი თანადგომა გვაქვს როგორც მორალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. გვსურს, რომ გავამართლოთ მათი მოლოდინები და მომავალ სეზონში დასახულ მიზანს, ჩემპიონობას მათთან ერთად მივაღწიოთ.
-“ყოჩების” ბოლნისთან თანამშრომლობის შემდეგ, რამდენად გაიზარდა ამ მუნიციპალიტეტში რაგბისადმი ცნობადობა?
-უშუალოდ ქალაქ ბოლნისში სამ სკოლაში ვართ შესული, ასევე კაზრეთის ორ საშუალო სკოლაში. არის ასეთი სოფელი ნახიდური, რომელიც სრულად ეთნიკურად აზერბაიჯენელი მოსახლეობითაა დასახლებული და იქ გვყავს ერთი გუნდი, რომელიც სრულად აზერბაიჯენელებითაა დაკომპლექტებული. არ ვაპირებთ მიღწეულზე გაჩერებას და დაბა კაზრეთში სექტემბრიდან კიდევ 30-35 ბავშვი იწყებს რაგბის თამაშს. ბავშვების რაოდენობა მატულობს და როცა მათი ასაკი საქართველოს ჩემპიონატის “ბ” ლიგის ასაკს გაუტოლდება, უკვე გვყავს იმ რაოდენობის პატარები, რომ ბოლნისმა იქ საკუთარი სახელით ითამაშოს. ესაა ის მომავალი ბოლნისის რეგიონში, რომლებმაც საბოლოოდ საკუთარი სიტყვა უნდა თქვან.
ამით ყველაფერი არ მთავრდება და რაგბით დაინტერესება უკვე დმანისშიც გამოთქვეს. ჩვენ მათ აუცილებლად გავუწევთ დახმარებას და გარდა ამისა, ვაპირებთ მარნეულში, აზერბაიჯანულ მოსახლეობაში შესვლას. ამ მთლიან რეგიონში მუშაობა, სახალისოცაა, საპასუხისმგებლოც და რთულიც, მაგრამ ესაა უდიდესი სოციალური პროექტი და ის აუცილებლად სრულყოფილად უნდა განხორციელდეს. პრობლემა ისაა, რომ დღეს ბოლნისის რეგიონს არ გააჩნია არანაირი ინფრასტრუქტურა სავარჯიშოდ და იმეადია, ახლო მომავალში სახელმწიფოს დახმარებით მოეწყობა მარტივი სახის მოედანი, რადგან იქ ეს სპორტი ისე განვითარდა, რომ ამის აუცილებლობა დადგა.
-ინფრასტრუქტურა ახსენეთ და წელს ბოლნისის “ყოჩები” საშინაო თამაშებს სად ჩაატარებს?
-სამწუხაროდ, ამ სეზონში ეს პრობლემა დღის წესრიგში დადგა. თუ აქამდე ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე უპრობლემოდ ვთამაშობდით, ახლა მას რეკონსტრუქცია უტარდება, სტანდარტებში ჩაჯდება და მას ბოლნისის საფეხბურთი კლუბი “სიონი” გამოიყენებს. შედეგად, მინიმუმ ახალ წლამდე, მოგვიწია ალტერნატიული ვარიანტების მოძიება და სტუმრებს თბილისში, რუსთავში, ან მარტყოფში მივიღებთ. თუნდაც ამიტომ, ბოლნისის რეგიონს ერთი სარაგბო მოედანი აუცილებლად ჭირდება.
-მოდით მომავალი ჩემპიონატისთვის მზადებას დავუბრუნდეთ, რომლის ფარგლებშიც 8 აგვისტოდან რუსთავის ოთხთა ტურნირში ჩაებმებით.
-ამ ტურნირზე ჩვენმა რუსთაველმა მეგობრებმა მიგვიწვიეს და ამისთვის მათ დიდ მადლობას ვეტყვი. ჩემპიონატი 5 სექტემბერს იწყება და მანამდე ეს თამაშები, დატვირთული გრაფიკით, ჩვენს მზადებას ძლიერ წაადგება. ტურნირში მონაწილეობას რუსთავის “ხარები”, თბილისის “აკადემია” და “ლოკომოტივი” და ჩვენ მივიღებთ. ვფიქრობ, საინტერესო ტურნირი იქნება. სამ თამაშს ოთხი დღის ინტერვალით ჩავატარებთ, როგორც ვიცი, შეცვლის ლიმიტი არ იქნება და მწვრთნელებს საქმეში ყველა მორაგბის ხილვის საშუალება ექნება.
-ზევით “ყოჩებში” ვიქტორ დიდებულიძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე ვისაუბრეთ და ის ხომ “მასის” მწვრთნელიცაა? როგორ შეძლებს გუნდის საფრანგეთიდან მართვას?
-ის “ონლაინ რეჟიმში” ინტენსიურად იქნება ჩართული ვარჯიშებშიც და თამაშებშიც. 21-ე საუკუნეში ამის საშუალება ნამდვილად არის. გადაწყვეტილებებს მწვრთნელები ერთობლივად მიიღებენ, შედეგებზე პირველი პასუხისმგებელი კი, სწორედ ვიქტორი იქნება. ვთვლი, რომ ეს თანამშრომლობა ნებისმიერ შემთხვევაში ნაყოფიერი იქნება. დიდებულიძე საქართველოში საკმაოდ დიდ დროს გაატარებს და პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში ხომ სულ აქ იქნება. მანამდეც, დროის მინიმუმ 70 პროცენტს აქ გაატარებს.
-შარშან “ყოჩებმა” ურთიერთობების დამყარება დაიწყო ფრანგულ გრანდ “კლერმონთან”. რა ეტაპზეა ეს პროცესი?
-ივლისის თვეში მათთან უკვე მოეწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც მოიცავს ფართო სპექტრს. ჩვენი თანამშრომლობა იქნება მრავალწლიანი და ეფექტური, ხელშეკრულება კი, უახლოეს პერიოდში გაფორმდება. ამის შემდეგ ჩვენ ფაქტობრივად ერთი ორგანიზმი გავხდებით. შეთანხმების თანახმად მოხდება მოთამაშეების, მწვრთნელების, კლუბის წარმომადგენლების გაცვლითი პროგრამები, ასევე მოსამზადებელი პერიოდის ერთად გავლა, ამხანაგური თამაშებისა თუ ტურნირების დაგეგმვა. ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდება ბავშვებზე და ახალგაზრდებზე. ამრიგად, ახალი სეზონიდან, დიდი ალბეთობით ჩვენი ლოგოს გვერდით “კლერმონის” ლოგოც გამოჩნდება.
-უცხოურ კლუბებთან კონტაქტები კარგია, მაგრამ ალბათ შიდა რაგბის განვითარებისთვის კიდევ მეტია საჭირო.
-რა თქმა უნდა და აქ უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის ჩართვა. არა მხოლოდ “ყოჩებს” და არა მხოლოდ რაგბის, არამედ სპორტს აუცილებლად ჭირდება სპონსორები. ამის მაგალითები ძალიან ცოტაა და უძნელესია სპონსორის დაფინანსების მოპოვება. არ არსებობს შეღავათი კომერციული სტრუქტურებისთვის, რათა ისინი სპორტით დაინტერესდნენ. სპორტი მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებაზე ვერ იქნება და ის რაღაც დონეზე აუცილებლად გაჩერდება. მუნიციპალიტეტმა შეიძლება შეგინახოს სტადიონი, ადმინისტრაცია, მაგრამ ის ყველაფერს ვერ გაწვდება. მინდა მოვუწოდო დიდ ბიზნესებს, რომ ცოტათი მაინც გამოიხედონ სპორტისაკენ, რადგან ესაა უდიდესი ეროვნული საქმე და დარწმუნებული ვარ, მათ მიერ გაღებული ყოველი თეთრი ასმაგად დაუბრუნდებათ ჯანსაღი თაობების სახით.
kochebi.ge-ის. ავტორი: ზურაბ ქსოვრელი

Share.

Comments are closed.