ვარლამ კილასონია – იმედი მაქვს, რომ პირველივე კალენდარულ თამაშს „სიონი“ აუცილებლად საკუთარ მოედანზე ითამაშებს

0

11696005_1001924053151725_4625943625388611967_nXXVII ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, „სიონი“ მზადებას განაგრძობს. ჯერ კიდევ არ დასრულებულა გუნდის დაკომპლექტება. ჩემპიონატისთვის ამზადებენ ბოლნისის ცენტრალურ სტადიონს, რომელსაც უახლოეს დღეებში ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები შეამოწმებენ. კლუბის ახალ თავკაცს იმედი აქვს, რომ 3 წლის შემდეგ გუნდი საკუთარ კედლებში მიიღებს სტუმრებს.

გაზეთი „ბოლნისი“ ვარლამ კილასონიას ესაუბრა.

– რა ხდება ამ ეტაპზე, დასრულდა თუ არა გუნდის დაკომპლექტება?

– გუნდი ჯერ არ დაკომპლექტებულა სრულად, კიდევ გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც გვჭირდება კარგი ფეხბურთელები, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ცოტა რთულია მოსაძებნად მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ აგვისტოს განმავლობაში 2-3 ფეხბურთელს აუცილებლად დავიმატებთ კიდევ.

– რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია უცხოელი ლეგიონერების დამატების შესახებ …

– ბრაზილიელები იყვნენ  ჩამოსულები, კატასტროფა იყო, ისინი იყვნენ შემთხვევითი ფეხბურთელები. უცხოელს თუ დაიმატებ ერთი თავით მაღლა უნდა თამაშობდეს.

– რომ ჩამოვთვალოთ კონკრეტულად რამდენი ადამიანი არის ახალი?

ცხინვალიდან  დავიმატეთ სოსლან ნანიევი, საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია,  ასევე ცხინვალიდან დავიმატეთ დაცვაში ჩემი ძმისშვილი ვარლამ კილასონია, დავიმატეთ შალამბერიძე, რომელიც თამაშობდა ლანჩხუთის გურიაში, გოგინაშვილი, ის ბოლო წელს მოლდავეთში თამაშობდა. ასევე გადაწყდება ამ დღეებში 2-3 ფეხბურთელის ბედი. მთლიანობაში ის ბირთვი რაც გვყავდა 70%  შევინარჩუნეთ.

– ბოლო დროს  „სიონს“ „ასაკს“ უწუნებდნენ ?

– საერთოდ მწვრთნელი პასპორტში არ უნდა იხედებოდეს, ფეხბურთელი თუ თამაშობს  რა ასაკისაც არ უნდა იყოს და თან თუ პროფესიონალია  თავისუფლად უნდა თამაშობდეს. ის ახალი ბიჭები ვინც ჩამოვთვალე 21-22 წლისანი არიან. ასევე ბოლნისელი ფეხბურთელები, რომლებიც იყვნენ გუნდში ახალგაზრდები არიან, აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ მთლიანობაში  გუნდი გაახალგაზრდავდა.

-ბოლნისელების სიმრავლე შეიმჩნევა გუნდში, დაბრუნდა  ვილი ისიანი…

– დიახ ისიანი დაბრუნდა. ჩემს მისვლამდე იყო 3-4 ბოლნისელი ფეხბურთელი, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვაკვირდებით, რომლებსაც მიეცემათ საშუალება თავი გამოიჩინონ. მარტო იმიტომ რომ ესა თუ ის ბოლნისელია ან რუსთაველია, მაგით ძირითად  შეადგენლობაში ვერ ითამაშებენ.

– გუნდში თქვენი შვილიც არის?

– ჩემი შვილი სამწუხაროდ გუნდში აღარ არის, იმიტომ რომ ერთი კვირის უკან გადაწყვეტილება მიიღო და დაბრუნდა რუსთავში. ძალიან გვჭირდება, მაგრამ თვითონ მიიჩნია ასე.

– იმედი გაქვთ, რომ ბოლნისში ითამაშებთ?

– კი ძალიან დიდი იმედი მაქვს. როგორც კი დავინიშნე მაშინვე მაგ საკითხით დავინტერესდი. ძალიან ცუდია გუნდი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სულდგმულობს და არ თამაშობს იქ. „სიონი“ 3 წელია საკუთარ ქალაქში მეტოქეებს არ ღებულობს, ე.ი. ჩათვალეთ, რომ მთელი 3 წლის განმავლობაში მასპინძელი არ ყოფილა. დღეს უკვე სტრადიონის საფარი გვაძლევს თამაშის საშუალებას. ადრე თუ იწუნებდა ფეხბურთის ფედერაცია, ახლა ეს პრობლემა აღარ დგას, მოგვცეს პატარა შენიშვნები, რომლის გამოსწორებაც მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ პირველივე კალენდარულ თამაშს „სიონი“ აუცილებლად საკუთარ მოედანზე ითამაშებს.

– რას ნიშნავს გუნდისთვის საკუთარ კედლებში თამაში?

– საკუთარი გულშემატკივარი, დადებით აურა – ეს ყველაფერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ესე არის. საკუთარ სტადიონზე ფეხბურთელს მეტი ემოცია აქვს, იმედი აქვს გულშემატკივრებიდან გამომდინარე და თავისთავად ზეწოლა არის სტუმარ გუნდზე.  ვთვლი რომ 20% გამარჯვების წილი ყოველთვის მაყურებელს ეკუთვნის.


Share.

Comments are closed.