ელიას მთაზე მდებარე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ახლადაშენებულ სამონასტრო კომპლექსში თორმეტ ივლისს პირველად აღევლინება საზეიმო წირვა.
წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ჯვარ-გუმბათოვან ტაძარში ამ დღეს უამრავ მომლოცველს ელოდებიან. წირვას სამღვდელოებასთან ერთად ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ჩაატარებს.
სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა შვიდი წლის წინ დაიწყო. ტაძარი შემოწირულობებით აშენდა. წირვა წმინდანების ხსენების დღეს ჩატარდება, ხოლო ტაძრის ოფიციალური გახსნა უახლოეს მომავალში საქართველოს პატრიარქის მიერ მოხდება და მას შემდეგ დაინიშნება ტაძარში წინამძღვარი.
„12 ივლისი არის წმინდა მოციქულების პეტრეს და პავლეს ხსენების დღე, ეს უდიდესი დღესასწაულია, რომლითაც სრულდება მარხვა, ამასთან დაკავშირებით წმინდა ელიას მთაზე მდებარე ტაძარში აღევლინება წირვა, ველოდებით ბევრ სტუმარს ეპარქიებიდან, უამრავ ადამიანს აქვს სურვილი ჩამოვიდეს და ერთად ვიზეიმოთ ეს დიდი დღესასწაული. მინდა ყველა დავლოცო, ვინც მონაწილოება მიიღო ამ საღვთო საქმეში, შეეწიოთ მოციქულების მადლი“, – აღნიშნა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა.