„ყოველდღე 5-6 გამოძახება გვაქვს” – ბოლნისში ხანძრის კერების გაჩენამ პიკს მიაღწია

0

imagesბოლო ერთი კვირის მანძილზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის კერების გაჩენამ პიკს მიაღწია.  ხშირი გამოძახებები განსაკუთრებით ქვემო ბოლნისსა და რაჭისუბნიდან დაფიქსირდა. უმეტესად ხანძარი მინდვრებში ჩნდება, სადაც მარცვლეული კულტურები იყო დათესილი.

„ჩვენ მხოლოდ ბოლნისში არ გვიწევს ხანძრის ლოკალიზება, მეზობელ მუნიციპალიტეტებსაც ვეხმარებით. ხანძრის გაჩენის ძირითად მიზეზს მაღალი ტემპერატურა და ადამიანების დაუდევრობა წარმოადგენს. ცეცხლი ძირითადად იმ ადგილებში ჩნდება, სადაც ხორბალია დათესილი, მეპატრონეებს სურთ ნიადაგი ნაწვერალისგან გაათავისუფლონ და ცეცხლს უკიდებენ, შემდეგ ვეღარ აკონტროლებენ ცეცხლის მიმართულებას და იქ უკვე ჩვენი ჩარევა და მობილიზაცია აუცილებელი ხდება.  ხშირად ხანძრის კერები კლდოვან რელიეფზეც ჩნდება, სადაც გვიჭირს ტრანსპორტით გადაადგილება, მაგრამ მთელი ძალით, ფაქტიურად შიშველი ხელებით, გვიწევს კერის ჩაქრობა. ამ ეტაპზე არ გვყავს საკმარისი მეხანძრეები და იძულებულები ვართ ყაზარმულ რეჟიმში ვიმუშაოთ. ყოველ დღე სამი ჯგუფი მზადყოფნაშია და 24 საათის განმავლობაში ჩვენი თანამოქალაქეების სამსახურში ვართ“, – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბოლნისის განყოფილების უფროსმა მიხეილ ხვისტანმა.

მალხაზ ხარაიშვილი,  ბოლნისის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ოცმეთაური:

– ცხელი ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატა ხანძრის გაჩენამ, ბოლო ერთი კვირის მანძილზე რთული და დატვირთული რეჟიმით ვმუშაობთ, ყოველდღე 5-6 გამოძახება გვაქვს, ხშირია ცეცხლის კერები მინდვრებიდან, რაც ადამიანების დაუდევრობით არის გამოწვეული. მოვუწოდებ მოსახლეობას, ბუნებასთან ფრთხილად იყვნენ, რომ მსგავსი ფაქტები თავიდან ავიცილოთ.

Share.

Comments are closed.