წარმატებული
„როდესაც რეპეტიციებზე მივდივარ, ყველაფერი მავიწყდება, სარეპეტიციო დარბაზში სულ სხვა სუნს ვგრძნობ. ვხვდები, რომ ეს ჩემი სამყაროა. ვერ წარმომიდგენია თავი ცეკვის გარეშე. ჩემთვის ცეკვა ყველაფერია, მართალია სამომავლოდ იურისტობას ვაპირებ, მაგრამ ჯერ ცეკვაა, მერე სხვა დანარჩენი“, -ამბობს ანი ონიანი.
პირველად იყო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორბი“, შემდეგ „იმედი“, ახლა კი სუხიშვილები. ბოლნისელი ანი ონიანი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და საკმაოდ საინტერესო და ბევრი ბავშვისთვის საოცნებო გზა განვლო ქორეოგრაფიული თვალსაზრისით. დედის ოცნება იყო მისი შვილი კარგი მოცეკვავე ყოფილიყო და ამისათვის ყველაფერს აკეთებს.
,,ეს გოგონა აუცილებლად იცეკვებს დიდ სცენაზე’’-აღნიშნა ერთ-ერთი რეპეტიციის დროს ნინო რამიშვილმა.
„ცეკვის ნიჭი ორი წლის ასაკში შევამჩნიე, ოთხი წლიდან ანსამბლ „ორბში“ მივიყვანე, სტუდიის დამთავრების შემდეგ გადავიყვანე ანსამბლ „იმედში,“ დღეს კი ანი სუხიშვილებში ცეკვავს, არის დუბლებამდე ჯგუფში. ეს იყო ჩემი ოცნება, რომლის ასახდენადაც ყველაფერს ვაკეთებდი, თუმცა მხოლოდ ოცნება ვერაფერს უზამდა, რომ არა მისი გენეტიკური ნიჭი. ანის ბაბუა ლადო გაგნიძე ჯერ სუხიშვილებში, შემდეგ კი ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდა. ანის წარმატება კი მისი ყოფილი ქორეოგრაფების გია დავითაშვილის, ხათუნა ჯოხაძის, ნუნუ ღვინერიას, ჯემალ რეხვიაშვილისა და ამჟამინდელი პედაგოგის ნინო ნიკოლაიშვილის დამსახურებაა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ,“ – აღნიშნა ეკა ჩაგელიშვილმა.
ანისთვის ცეკვა ყველაფერია, ეს არის მისი სამყარო, მისი ოცნება. წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. ბოლნისში გადმოსვლის შემდეგ დედაქალაქში რეპეტიციებზე სიარული გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ერთ-ერთი აქტიური და საუკეთესო მოცეკვავეა. მისი ოცნებაა იცეკვოს დიდ სცენაზე.
ანი ნიჭიერი, ფრიადოსანი და გამორჩეულია. სხვადასხვა კონკურს-ფესტივალში მიღებული აქვს ლაურეატის დიპლომი და საპატიო სიგელები.
მოწესრიგებული, მეგობრული, ერთგული, მოსიყვარულე, სკოლის საამაყო მოსწავლე – ასე ახასიათებს ანის №5 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი მანანა შეყილაძე.
ანი სკოლასა და ცეკვას თეატრალურ ცხოვრებასაც უთავსებს და ბოლნისის ჩრდილების თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია.
ნინო კარგარეთელი