მეუფე ეფრემი – ხშირად სიცოცხლის ფასად დაგვჯდომია იქიდან დაბრუნება

0

IMG_4694_edited-1ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მდინარე ქციაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობას დააფინანსებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 727 087 ლარია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით გაზეთი „ბოლნისი” ბოლნელ მთავარეპისკოპოსსა და მოსახლეობას გაესაუბრა.

მეუფე ეფრემი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი:

– როგორც მოგეხსენებათ,  ფიტარეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაძარია, ამდენად, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა გადაწყვეტას მოითხოვს. ამ უნიკალური შედევრის ნახვის მსურველი არის უამრავი ადამიანი და გზა  გადაულახავ ბარიერად რჩებოდა წლების განმავლობაში. მას შემდეგ, რაც მდინარემ ხიდი წაიღო, იქ მოღვაწე მამებსაც და მომლოცველებსაც, რისკის ფასად უჯდებათ გადასვლა. მდინარე ხრამი ძალიან სწრაფად ცვალებადია, ყოფილა შემთხვევა, დილით გადავსულვართ წირვის ჩასატარებლად,  საღამოს მდინარე ადიდებული, ხოლო  დამცავი ავზები  გახსნილი დაგვხვედრია.  ხშირად  სიცოცხლის ფასად დაგვჯდომია იქიდან დაბრუნება. უამრავი ადამიანის სურვილი და მოთხოვნა დაკმაყოფილდება, თუკი გამოჩნდებიან  შესაბამისი უწყებები და მიხედავენ ამ საქმეს.  მაქვს ინფორმაცია, თითქმის გადაწყვეტის ფაზაშია ეს საკითხი. საუბარი  გვქონდა მუნიციპალური განვითარების ფონდთან, აქტიურად მონაწილეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტი, პირადად ბატონი გოგი ძალიან მონდომებულია, რომ აღდგეს მიმოსვლა და ყოველ დღესასწაულზე მრევლი თუ ბერი უსაფრთხოდ  ეზიარონ ამ სიწმინდეს.  დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი მიმდინარე წელს საბოლოოდ გადაწყდება. პროექტი მომზადებულია ჩვენს მიერ, მიწოდებულია შესაბამის სამინისტროში და ველოდებით  დაფინანსებას.  მინდა აღვნიშნო, რომ ფიტარეთის მონასტერს უამრავი ადამიანი სტუმრობს, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში. ვფიქრობ ასეთი უნიკალური ტაძარი, რომელიც  ჩვენს სულიერ და კულტურულ საგანძურს წარმოადგენს, არ უნდა იყოს მიტოვებული.  ეს ეკლესიის   და სახელმწიფოს  ერთობლივი საზრუნავია. ხიდის მოგვარების საკითხი  ყველანაირად აღემატება ეკლესიის ძალებს, ასეულ ათასობით თანხებთან არის დაკავშირებული. 7 წელია მონასტერი მოქმედია და წლების განმავლობაში  ვაყენებდით ამ საკითხს. სამწუხაროდ იყო დაპირებები, მაგრამ დღემდე შეუსრულებელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წელს დაიწყება  და ერთ წელიწადში განხორციელდება. არა ერთხელ შევხვედრივარ უცხოელ ტურისტებსა და მომლოცველებს, რომლებიც ჩამოდიან ფეხით ან  ცხენებით ამ უნიკალური ძეგლის სანახავად,  მათ უნდა  ჰქონდეთ ასეთ ღირსშესანიშნავ ისტორიულ ნაგებობასთან  მისვლის საშუალება ყოველგვარი რისკის გარეშე. იყო შემთხვევები, როდესაც ბერი მდინარეზე  გადმოდიოდა და წყალმა ცხენით წაიღო, საბედნიეროდ, მამა ექვთიმე გადარჩა.  ასე რომ, ამ ხიდის გაკეთება  უამრავ პრობლემას მოხსნის ფიზიკურსაც და სულერსაც.

„ოც წელზე მეტია ამ ხიდის გაკეთებას ვნატრობთ. მდინარეზე საავტომობილო ხიდი ბევრ პრობლემას მოგვიხსნის. მოსახლეობას მდინარის გადაღმა აქვს სათიბები, რომელსაც ვერ იყენებს, რადგან თივის მოსატანად გზა მოჭრილია. ფიტარეთში მრევლი უსაფრთხოდ წავა სალოცავად, ასევე მოსახლეობა გადაიყვანს საქონელს საძოვრებზე. გვიხარია, რომ გადაწყდა ხიდის აშენება, ამით ძალიან კარგი და საჭირო საქმე კეთდება ტანძიისთვის”, – აღნიშნა სოფელ ტანძიის მკვიდრმა თენგიზ ბერიანმა.

რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდნენ, შეხვედრაზე მდინარე ქციაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

 


Share.

Comments are closed.