ბოლნისში სასკოლო მზაობის ჯგუფები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში იფუნქციონირებს

0

1012887_674920462607043_8989159339128995796_nქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი და სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსი ლელა გოგმაჩაძე ესწრებოდნენ. განსახილველ  საკითხთა შორის იყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული ვითარება. მოხდა ბავშვთა კონტინგენტთან დაკავშირებული  პრობლემების განხილვა. ვინაიდან, კანონის თანახმად 15 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ბავშვები არ მიიღებიან სკოლებში, საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა პირებმა სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებები დასახეს. შეხვედრაზე ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით მომზადებულ  პროგრამაზე ისაუბრეს, რომელიც განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს დაიწყებენ სწავლას ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ თორმეტივე საბავშვო ბაღში 110 ბავშვი დარჩა, რომლებიც გარკვეული შეზღუდვის გამო, ვერ წავიდნენ საჯარო  სკოლებში, მაგრამ ეს არ ქმნის პრობლემას, დამფუძნებელი თანახმაა  ბავშვები დარჩნენ საბავშვო ბაღებში.  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 5 და 6 წლიანი ბავშვების მოთხოვნა მაქსიმალურად იყოს  დაკმაყოფილებული“, –  განაცხადა  bolnisi.ge -სთან სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ლელა გოგმაჩაძემ.

სასკოლო მზაობის ჯგუფი შესაძლოა ფუნქციონირებდეს როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პროგრამებში ინტეგრირებული სახით, ასევე დამოუკიდებლად. პროგრამა შესაძლოა განხორციელდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ან სხვა ტიპის შენობაში, რომელიც აკმაყოფილებს  მოთხოვნებს და ახლებურ  მიდგომას სთავაზობს აღსაზრდელებს სააღმზრდელო პროცესის ორგანიზებისთვის.

მაღალი ჯგუფის აღმზრდელებს ჩაუტარდებათ ტრენინგი. მიიღებენ კონკრეტულ რჩევებს დღის, კვირის და თვის მანძილზე განსახორციელებელი აქტივობებისთვის.  სასკოლო მზაობის პროგრამის მინიმალური ხანგრძლივობაა 30 კვირა, ყოველდღიური საათობრივი დატვირთვით _ 3 საათი კვების გარეშე.

„სასკოლო მზაობის პროგრამაში მრავლადაა წარმოდგენილი სააზროვნო თამაშები და აქტივობები, რომელიც საინტერესო და სახალისოა, აჩვევს ბავშვებს თავად შეიმუშაონ წესები. მაღალი ჯგუფის პედაგოგები წავლენ ტრენინგზე, გადამზადდებიან და შემდეგ ძველი და ახალი პროგრამის სინთეზით მოხდება ამ ბავშვების მეცადინეობები,” – აღნიშნა ლელა გოგმაჩაძემ.


Share.

Comments are closed.