ბოლნისის №1 საჯარო სკოლის სპექტაკლი საუკეთესო ათეულში მოხვდა

0

1500843_1045128018838276_3036933045478172102_o№1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელის“ მიხედვით  დადგმული სპექტაკლი საქართველოს მასშტაბით ათ საუკეთესო სკოლას შორის მოხვდა და შესაბამისი სიგელით დაჯილდოვდა.

ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან მეასე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით,  სასკოლო თეატრალური ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში  საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლები დადგეს, რომელთა ჩვენებაც პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში მოხდა, ხოლო ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო სპექტაკლების ვიდეოჩანაწერები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაიგზავნა, სადაც კომისიამ ოთხი საპრიზო ადგილი გამოავლინა.

I ადგილი ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლამ დაიკავა, II ადგილი სსიპ ქალაქ ხობის №1 საჯარო სკოლას მიაკუთვნეს,   III  ადგილზე ბათუმის №1 საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო ჟიურის რჩეულად, ქალაქ ფოთის №4  საჯარო  სკოლა დასახელდა.

გარდა საპრიზო ადგილებისა, ჟიურიმ 10 საუკეთესო სპექტაკლი გამოავლინა. აღნიშნული სკოლების წარმომადგენლებს წამახალისებელი სიგელები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გაგუამ გადასცა.

„ჩვენმა მოსწავლეებმა ფესტივალზე იზო ნიავაძის რეჟისორობით „სტუმარ-მასპინძელი“ წარადგინეს. სპექტაკლი ბოლნისის მუნიციპალიტეტში საუკეთესოდ  დასახელდა, საქართველოს მასშტაბით კი ათეულში მოხვდა. დაჯილდოების ცერემონიალზე  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და ვაჟა-ფშაველას სახელობის ფონდიდან წამახალისებელი სიგელები გადმოგვეცა. გახარებული ვარ. მართალია საპრიზო ადგილი ვერ დავიკავეთ, მაგრამ საქართველოს მასშტაბით ათეულში მოხვედრაც დიდი წარმატებაა. ეს ნიჭიერი ბავშვები კი დიდი აღმოჩენაა ჩემთვის. გულისწყვეტით მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც სპექტაკლის ჩაწერა უნდა მომხდარიყო, იმ დროს ბოლნისში მიმდინარეობდა თეატრალური ფესტივალის კვირეული და ვერ მოხერხდა  ბავშვების სცენაზე შესვლა, სპექტაკლი ჩავწერეთ იზო ნიავაძის კაბინეტში, არ გვქონდა განათება, შესაბამისად ჩანაწერიც არ გამოვიდა ეფექტური. ჟიურის სპექტაკლი სცენაზე რომ ენახა და ისე შეეფასებინა, დარწმუნებული ვარ, პირველ ადგილს ავიღებდით“,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ.


Share.

Comments are closed.