ანსამბლი ,,გუმბათი“ ბოლნისელი მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგა

0

11743738_718157411647210_1985288481_oპეტრე -პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით ბოლნისის კულტურის სახლში, 13 ივნისს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა.

,,თითოეულ ბოლნისელს, სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ანსამბლ ,,გუმბათს“ ვულოცავ დღევანდელ დღეს. მნიშვნელოვანია, რომ  ანსამბლს სათავეში უდგანან ახალგაზდრა ცოლ-ქმარი, რომლებიც ცდილობენ  თაობები აზიარონ  ქართულ კულტურას.  დასაფასებელია, რომ ბავშვები არაჩვეულებრივად უკრავენ უძველეს ქართულ ინსტრუმენტებზე და ასრულებენ ძველ ქართულ სიმღერებს. მადლობა მათ რომ დღეს ჩვენთან იმყოფებიან.  მათი სოლო კონცერტი  საუკეთესო საჩუქარია ბოლნისელებისთვის,“-აღნიშნა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა.

,,გუმბათის“ ორი თაობა მაყურებლის წინაშე სულ 17 ნომრით წარსდგა. ანსამბლისა და სტუდიის წევრებმა როგორც აკაპელას, ისე ვოკალურ-ინსტრუმენტული და ქალაქური სიმღერები შეასრულეს.

,,არაერთ საქველმოქმედო კონცერტში მიგვიღია მონაწილეობა, თუმცა ასეთი სახის სოლო კონცერტს პირველად ვატარებთ. სოლო კონცერტისთვის სპეციალურად შევარჩიეთ ბოლნისი, გვინდოდა მეუფე ეფრემისთვის გვეჩვენებია თუ რას აკეთებს მისი კურთხევით ანსამბლი ,,გუმბათი’’.  სწორედ მეუფის კურთხევით დავგეგმეთ დღევანდელი დღე, მის წინაშე წარდგომა ჩვენთვის დიდი პატივია. ყველას ვულოცავ პეტრე-პავლობის დღესასწაულს, მრავალს დაესწროს სრულიად საქართველო,“-განაცხადა bolnisi.ge-თან ანსამბლ ,,გუმბათის” ხელმძღვანელმა სოსო კიკვაძემ.

პატარა გოგო-ბიჭებისგან შემდგარი თბილისის ტრადიციული მუსიკის ანსამბლი, სოსო კიკვაძისა და ,,გორდელას” სოლისტის სოფია ქირიას ხელმძღვანელობით  2011 წელს  ,,აისი“-ს  სახელწოდებით დაფუძვნდა. 2012  წელს ანსამბლის ხელმძღვანელების ინიციატივითა და  ბოლნელი მთავარეპისკოპოსის  მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით მას სახელწოდება შეეცვალა და ,,გუმბათი“ დაერქვა. სულ რაღაც ერთი წლის წინ  კი ანსამბლის ბაზაზე სტუდიაც ჩამოყალიბდა.


Share.

Comments are closed.