ACF-ის წარმომადგენლებმა ბოლნისელ ფერმერებს სადემონსტრაციო ნაკვეთი უჩვენეს

0

11281875_798725786908832_1689653284_nახალი მეთოდოლოგია და ინოვაციების დანერგვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაში, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია ACF-ის მთავარი მესიჯი ფერმერებისთვის.

პროგრამის ფარგლებში დღეს სოფელ ნახიდურში ორგანიზაციის წევრებმა მუნიციპალიტეტის ფერმერებს სადემონსტრაციო ნაკვეთი უჩვენეს – 5 ჰექტარზე დათესილი ბოსტნეული კულტურის წარმოება, რომელიც უახლესი მეთოდით, დაწვიმების სისტემით ირწყვება.

„გასულ წელს გამოვაცხადეთ საგრანტო კონკურსი ფერმერებისთვის. სამწუხაროდ გვყავდა 14 კონკურსანტი, რაც ძალიან ცოტაა, მათგან რზა კურბანოვმა დააკმაყოფილა ის კრიტერიუმები, რაც კონკურსის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. მიიღო 60%-იანი დაფინანსება და შედეგიც სახეზეა“, -აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში საერთაშორისო ორგანიზაცია ACF-ის აღმოსავლეთ საქართველოში პროგრამის მენეჯერმა თამარ ნასყიდაშვილმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია ACF ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანიებს ყველა სოფელში ატარებს, რათა ხელი შეუწყოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარებას საქართველოში.

„დღეს გვქონდა შეხვედრა ბოლნისელ ფერმერებთან. ვაჩვენეთ სარწყავი სისტემა. დაინტერესება დიდია, ზოგიერთმა  გამოხატა სურვილი, რომ გაიაროს კონკურსი და ჩაერთოს პროგრამაში“-აღნიშნა ACF-ის ქვემო ქართლის პროექტის კოორდინატორმა ოლეგ მაღრაძემ.

„კონკურსის შედეგად ჩავერთე ამ პროგრამაში, გრანტის სახით მივიღე 60%-იანი დაფინანსება  და დავთესე სხვადასხვა სახის ბოსტნეული. იმედი მაქვს 50-60 ტონამდე მოსავალს მივიღებ“, – განაცხადა ფერმერმა რზა კურბანოვმა.

Share.

Comments are closed.