„სიონს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0

13ბოლნისის “სიონს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ვარლამ კილასონიამ, რომელიც რუსთავის “მეტალურგს” ედგა სათავეში, “სიონთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლადო ბურდული, რომელიც პარალელურად გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს, მისივე გადაწყვეტილებით, მხოლოდ გენდირექტორის პოსტზე დარჩა.

კილასონიას ასისტენტობას არმაზ ჯელაძე და გიორგი ლოლაძე გაუწევენ.

“სიონი” 28 ივნისს შეიკრიბება და ახალი საფეხბურთო სეზონისთვის საქართველოში მოემზადება.

ვარლამ კილასონია ბოლნისის „სიონში” რამდენიმე წლის წინაც მოღვაწეობდა.

ლადო ბურდული, საფეხბურთო კლუბ „სიონის” გენერალური დირექტორი:

– მოგეხსენებათ, შეთავსებით მქონდა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა.  მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, მხოლოდ დირექტორი ვყოფილიყავი და საფეხბურთო გუნდისთვის შეგვერჩია მაღალკვალიფიცირებული და დიდი გამოცდილების მქონე მთავარი მწვრთნელი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა საქართველოში თავისი გამოცდილებითა და ამბიციებით. არჩევანი ვარლამ კილასონიაზე გაკეთდა. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული და მოწონებული იყო ხელმძღვანელობასთან.  ვარლამი  რუსთავის „მეტალურგს“ ედგა სათავეში, ძალიან კარგი მწვრთნელია, მას აქვს უმაღლესი ლიცენზია რაც კი არსებობს მსოფლიოში. ვარლამი ამბიციური მწვრთნელია, კარგი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან და აქვს დიდი პედაგოგიური გამოცდილება.  დარწმუნებული ვარ  გუნდი მის ხელში ბევრად კარგ შედეგს აჩვენებს. ვინც ფეხბურთში კარგად ერკვევა მათთვის უცხო არ არის მისი სახელი და გვარი, იგი ყველამ კარგად იცის და დადებითად აფასებენ. მეც ვთვლი, რომ  ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალია საქართელოში, ჩვენ მას ნდობა გამოვუცხადეთ. ვეცდებით ხელი შევუწყოთ და გვერდში დავუდგეთ.

მქონდა მასთან შეხვედრა, უკვე გაწერილი აქვს სამომავლო გეგმები. მის კომპეტენციაში არავინ ჩაერევა, რადგან თვითონ არის პასუხისმგებელი გუნდის სამომავლო შედეგებზე.  ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ, რომ უმაღლეს ლიგაში რაც შეიძლება კარგი ადგილი დავიკავოთ.  ამ ადამიანს ვენდობით და მივცემთ დროს იმისთვის, რომ საფეხბურთო კლუბი „სიონი“ ღირსეულად წარადგინოს ქართულ საფეხბურთო სივრცეში.

ვარლამ კილასონია, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ მთავარი მწვრთნელი:

– პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და მომიწვია. ვიცი ბოლნისის „სიონის“ ტრადიციები და თავისთავად ცხადია ყველაფერს გავაკეთებ გუნდის წარმატებებისთვის. გასულ წლებში  ვმოღვაწეობდი ბოლნიში. მინდა აღვნიშნო, მაშინ სხვა მხარდაჭერა იყო, ამ ეტაპზე ვატყობ, საფეხბურთო თვალსაზრისით, პროფესიონალებთან მაქვს საქმე და ვთვლი, რომ ჩვენ ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ. რაც შეეხება ახალ საფეხბურთო სეზონს, 28 ივნისს შევიკრიბებით და ვარჯიშებს დავიწყებთ. გავეცანი გუნდის შემადგენლობას და გავიგე თითოეული მათგანის შესაძლებლობა. ვიმუშავებთ დიდი მონდომებით, შემართებით და თავდადებით წარმატებული თამაშისთვის.

Document-page-001

Share.

Comments are closed.