გერმანელები ბოლნისში პროფესიული სასწავლებლის დაფუძნებას გეგმავენ

0

11414620_798763986905012_363913653_oგიოთც-მარტინ როზინი, მარკუს კეპშტაინი და ანდრეას ბედნარეკი, გერმანიის ძეგლთა დაცვის წარმომადგენლები, გერმანული ფონდის „ებერჰარდ შიოკის“ დავალებით ორდღიანი ვიზიტით ბოლნისში იმყოფებოდნენ.

ფონდი უკვე ორი ათეული წელია ფუნქციონირებს და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში სამშენებლო განხრით პროფესიულ განათლებას იძლევა. გერმანელები ბოლნისში პროფესიული სასწავლებლის გახსნას გეგმავენ. ფონდმა საპილოტე მუნიციპალიტეტად ბოლნისი შეარჩია. გერმანულ მხარეს სურს საქართველოში სასწავლებელი სწორედ იმ ადგილას დააფუძნოს, სადაც ყველაზე დიდი გერმანული დასახლება იყო. გერმანულმა მხარემ მოლაპარაკებები უკვე გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. პროფესიულ სასწავლებელში, რომლის გახსნაც იგეგმება, სწავლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმით მოხდება და სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი იქნება, ასევე გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.

გერმანული მხარე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს დავით შერაზადიშვილს შეხვდა. სტუმრებმა შერაზადიშვილთან გერმანულ უბანში განსახორციელებელ პროექტზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ ისტორიული უბანი მოინახულეს, დაათვალიერეს სახლები, სარდაფები და ყოფილი სომხური სკოლის შენობა, სადაც იგეგმება პროფესიული სასწავლებლის განთავსება. გერმანელი არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე ასევე შეხვდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს კონსტანტინე კორძაძეს. ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ  სრული მხარდაჭერა აღუთქვა ფონდის წარმომადგენლებს მათი სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრების პარალელურად სტუმრებმა მხარემ კულტურული მემკვიდრეობაც დაათვალიერეს, მათ ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარი და ელიას მთაზე ახლადაშენებული პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მონასტერი მოინახულეს.

,,მე ვარ შოკირებული, ასეთ სილამაზეს ყველგან და ყოველთვის ვერ ნახავ“- განაცხადა ხელოვნებათმცოდნე, არქიტექტორმა ანდრეას ბედნარეკმა.

გერმანული მხარე საქართველოდან 6 ივნისს გაემგზავრება. ისინი ფონდის წარმომადგენლობას ფოტოებსა და დეტალურ მასალას გააცნობენ, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყდება დაფუძნდება თუ არა ბოლნისში პროფესიული სასწავლებელი.

,,საქართველოში პირველად ვიმყოფები და მინდა გითხრათ, რომ სასიამოვნოდ აღფრთოვანებული ვარ. ორი დღის განმავლობაში  ბევრი რამის ნახვა შევძელი. ჩემი ინტერესი განსაკუთრებულად ძველ გერმანულ დასახლებას შეეხებოდა. მართალია ზოგი სახლი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ გერმანული სტილი და არქიტექტურა მაინც შენარჩუნებულია. ბოლნისს უნიკალური კულტურული ლანდშაფტი აქვს, რომელიც თავისთავად უკავშირდება საქართველოში 200 წლის წინ მცხოვრებ გერმანელ კოლონისტებს, სწორედ ამიტომ გახდა მიმზიდველი ფონდისთვის  ისტორიული უბანი. ჩვენ ყველაფერი ფოტოებზე აღვბეჭდეთ, რათა ფონდის წარმომადგენლობას დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ.  იმედი მაქვს, რომ ბოლნისს მალე დავუბრუნდებით და უკვე შემოდგომით ქალაქში პროფესიული სასწავლებელი დაიწყებს ფუნქციონირებას“- განაცხადა bolnisi.ge-სთან საუბარში ქალაქ გიორლიცის განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა სახელობო და ძეგლთა დაცვის დარგში მარკუს კეპშტაინმა.


Share.

Comments are closed.