ბოლნისში მდგრადი ენერგეტიკის დღე გაიმართება

0

289301_196454937082300_6120980_o2015 წლის 26 ივნისს 11:00 საათზე ქალაქ ბოლნისში გაიმართება მდგრადი ენერგეტიკის დღე, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში. შეხვედრას დაესწრებიან   ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, მერების შეთანხმების რეგიონალური ოფისისა და ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმოადგენლები და ხელმძღვანელი პირები.

ბოლნისში მდგრადი ენერგეტიკის დღე პირველად ჩატარდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი 2015 წლის 16 მარტს ევროკავშირის მერების შეთანხმების წევრი გახდა. მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა. იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.

2008 წელს ევროკავშირის კლიმატისა და ენერგო პაკეტის მიღების შემდეგ ევროკომისიის ინიციატივით შეიქმნა მერების შეთანხმება რათა წაეხალისებინა და დახმარება გაეწია ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის ენერგეტიკის მდგრადი პოლიტიკის განხორციელებაში. ადგილობრივი მთავრობები მართლაც გადამწყვეტ როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილების შემცირებაში, რადგან ქალაქებზე ენერგიის მოხმარებისა და CO2-ის ემისიის 80% მოდის.

მერების შეთანხმების მეშვეობით ევროკავშირის ინსტიტუტებმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს – უშუალოდ ჩართეს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობები და ამით აღიარეს მათი მნიშვნელოვანი როლი ამბიციური ენერგეტიკული და კლიმატური ამოცანების შესრულებაში.

საქართველოში მერების შეთანხმებას უკვე 13 ხელმომწერი ჰყავს, ესენია, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ბოლნისი, ახალციხე, მცხეთა, თიანეთი და ყაზბეგი.


Share.

Comments are closed.