იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
გიმნაზიამ წელს სკოლის მესამე თაობას დაულოცა გზა ცხოვრების ახალ ასპარეზზე. ბოლო ზარი ტრადიციულად სკოლის ღონისძიებით აღნიშნეს, შემდეგ კი კურსდამთავრებულებმა მოწვეული სტუმრებისთვის მთავარი ბიბლიოთეკის საბას დარბაზში ლევან გოთუას „ხანძთის ზარი“ წარმოადგინეს.
ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდები მეუფე ეფრემმა დალოცა, საჩუქრად ხატები გადასცა და მათთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღო.
ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი:
_ ვულოცავ ჩვენს ბავშვებს სკოლის დამთავრებას და დავულოცავ გზას ცხოვრების ახალ ასპარეზზე. საამაყოა, რომ ასეთი თაობა მოდის, ნამდვილად კარგი შვილები, კარგი ქრისტიანები არიან. სწორედ მათი სულისკვეთებიდან გამომდინარე წარმოადგინეს დღეს ეს არაჩვეულებრივი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ჩვენი ქვეყნის იმ დიდებულ ეპარქიას, რომელსაც ჰქვია გრიგოლ ხანძთელი. დალოცოს უფალმა ჩვენი პედაგოგები, ჩვენი გიმნაზია და მომავალი თაობა.
მამა ილია:
_ ვულოცავ თითოეულ მათგანს სკოლის დამთავრებას და ვუსურვებ, რომ ყოფილიყვნენ ჭეშმარიტი მოქალაქეები, ჭეშმარიტი მამულიშვილები ჩვენი ქვეყნისა, დაეუფლონ ღირსეულ პროფესიებს, რომლის საშუალებითაც შეძლებენ აღასრულონ თავიანთი ვალი საკუთარი ქვეყნის, ოჯახებისა და ეკლესიის წინაშე. დავლოცავ და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ ყველას.
ნინო დევნოზაშვილი, იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის სასწავლო ნაწილი:
_ ჩემს მოსწავლეებს ვულოცავ სკოლის დამთავრებას, ვუსურვებ ყოველივე კარგს. ძალიან მიჭირს მათთან განშორება, ბევრი რამ ვასწავლე და ასევე ვისწავლე მათგან. მადლობა უფალს ამ ბავშვებთან გატარებული ყოველი წუთისთვის. დღევანდელი ღონისძიება ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი ღონისძიება სკოლამ მიუძღვნა ამ ბავშვებს, მეორე ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო ლევან გოთუას ,,ხანძთის ზარი“ მივუძღვენით ბოლნისში მოღვაწე მამებს და მეუფე ეფრემს, ამით შევეცადეთ გამოგვეხატა მათდამი მადლიერება.
ნინო კარგარეთელი