N5 საჯარო სკოლას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა

0

11289415_962152413845878_6658600434211974937_oპედაგოგები, მოქმედი და ყოფილი მოსწავლეები, საპატიო სტუმრები, ყვავილები და კეთილი სურვილები – ქალაქ ბოლნისის ყოფილი ქართული გიმნაზია იუბილარია. N5 საჯარო სკოლას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა.
ბოლნისის კულტურის სახლში სკოლის იუბილე საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. იყო მღელვარება და დადებითი ემოცია.
მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კოლექტივი, წარმატებული მოსწავლეები, გრანტოსანი სტუდენტები, სპორტსმენები და ხელოვანები. ეს სკოლის 20 წლიანი ისტორიის ნაწილი და დღევანდელი რეალობაა.
სკოლის ისტორია კი ასე დაიწყო – საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერ-მუშაკმა ლეილა ალადაშვილმა საკუთარ ქალაქში, ზუსტად 20 წლის წინ გიმნაზიის დაფუძნება გადაწყვიტა. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორთან ზურაბ ვახანიასთან ერთად ჩამოყალიბდა კონცეფცია, შემუშავდა შემდგომი გეგმა, რაც ბავშვებთან განსახვავებული სახელმძღვანელოებითა და მეთოდებით მუშაობას გულისხმობდა.
რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, ბოლნისის რაიონის იმდროინდელმა გამგებელმა შოთა რეხვიაშვილმა იდეის ავტორებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შუამდგომლობა გაუწია.
სკოლა უნდა ყოფილიყო საბჭოთა სკოლისგან განსხვავებული და ამავდროულად აუცილებლად გადამზადებული პედაგოგებისაგან დაკომპლექტებული. გიმნაზია ახალი კადრებით შეივსო და 1995 წლის 1 სექტემბერს სკოლაში პირველი ზარიც დაირეკა.
20 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე გიმნაზიამ ადგილმდებარეობა რამდენჯერმე შეიცვალა. სიდუხჭირისა და პრობლემების მიუხედავად, სკოლამ ნელ-ნელა მოსახლეობაში ნდობის მოპოვება შეძლო და საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.
დღეს უკვე, ოცწლიანი ისტორიის მქონე სკოლის პედაგოგები განვლილ პერიოდს სასიამოვნოდ იხსენებენ და მომავალი წარმატებისაც სჯერათ.
სკოლის იუბილეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემთან ერთად ესწრებოდა. საპატიო სტუმრებმა იუბილარებს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს.


Share.

Comments are closed.