შეხვედრა ლალი მოროშკინასთან

0

11272293_795299187251492_904839388_nკარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის სამსახურმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში მორიგი შეხვედრა გამართა. პროექტის ფარგლებში წელს უკვე მერვე დასკვნითი გაკვეთილი ჩატარდა, სადაც საპილოტე სკოლების მოსწავლეებთან შეთანხმებით,  ჟურნალისტიკის თემაზე შეხვედრა ერთ-ერთ წარმატებულ ჟურნალისტთან ლალი მოროშკინასთან გაიმართა.

,,საინტერესოა ასეთი სახის შეხვედრები,  თუ ახლა არ აღვზარდეთ ბავშვები, შემდეგ ძალიან დაგვიანებული იქნება. შემაშფოთებელი სტატისტიკა არსებობს მათ  ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან მიმართებაში, მომატებულია სუიციდის შემთხვევები და იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, საზოგადოების თითოეული  წევრი უნდა აცნობიერებდეს, რომ ამ ბავშვებთან საჭიროა მუშაობა.   დღევანდელი ჩვენი თემა იყო პროფესიის არჩევა, რა პრიორიტეტები შეიძლება იყოს ამ არჩევანთან მიმართებაში, გვქონდა თბილი საუბარი და შევთანხმდით, რომ დაიგეგმება კონფერენცია“ აღნიშნა bolnisi.ge-სთან ლალი მოროშკინამ.

,,ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, მაინტერესებდა  თუ რა ასაკში შეიძლება მიიღოს ადამიანმა სრულფასოვანი გადაწყვეტილება პროფესიის  სწორად არჩევაში, გამოიკვეთა, რომ ეს ასაკი  22 წელია,  ამ დროს შეუძლია ახალგაზრდას სწორი გადაწყვეტილების მიღება, ‘’ – აღნიშნა მარიამ დევნოზაშვილმა.

ანი ონიანი, №5 საჯარო სკოლის მოსწავლე:

_ჩვენი სურვილი იყო ლალი მოროშკინასთან შეხვედრა, ის წარმატებული ჟურნალისტია და გვაინტერესებდა მისი აზრი და შეხედულება ყველაფერზე. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო,  კმაყოფილები დავრჩით. კარგი იქნება თუ კიდევ ჩამოვა და მის აზრებს გავიგებთ სხვადასხვა თემებთან მიმართებაში.

პროფესიული არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არიან ჩართულები პროფესიული (კარიერის) კონსულტანტები, რომელთა გამოცდილება და ხედვა მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პროფკონსულტანტი ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, რაც გულისხმობს საკუთარ უნარებში, შესაძლებლობებში, პიროვნულ მახასიათებლებში და ცოდნაში გარკვევას; ამასთანავე პროფკონსულტანტი პროფესიის მაძიებლებს აწვდის ინფორმაციას დასაქმების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ და აცნობს სხვადასხვა პროფესიას თუ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ის ფლობს საჭირო უნარებს, რომელიც აუცილებელია ადამიანებთან ურთიერთობისა და ფსიქოლოგიურ-პროფესიული ორიენტაციისათვის.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის სამსახურის  ძირითადი მიზანია, დაეხმაროს ადამიანს საკუთარი მიდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, ბაზრის მოთხოვნებისა თუ განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით აირჩიოს ან შეიცვალოს პროფესია.პროფორიენტაცია,  პიროვნების პროფესიის სწორად არჩევაში დახმარებასაც გულისხმობს.

ნონა ხუზმიაშვილი


Share.

Comments are closed.