უკეთ, ვიდრე შარშან, მაგრამ…

0
11200949_1643057399250847_4303270569675293816_oბოლნისის “ყოჩებმა” საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი შარშანდელზე უკეთეს, მესამე ადგილზეა (შარშან მე-4 იყო) დაასრულა, მაგრამ ამ ბრინჯაოს მედლებით კმაყოფილი არავინ დარჩენილა.
გუნდს ჰქონდა მეტის პოტენციალი და რეგულარული გათამაშებაც შემთხვევით არ მოუგია, თუმცა, ეს პოტენციალი გამოუყენებელი დარჩა და სასურველი შედეგიც მიუწვდომელი დარჩა. ჩემპიონატის 2014 წლის ნაწილის დაუმარცხებლად ჩამთავრების შემდეგ, თითქოს რაღაც მოიშალა, იღბალმაც მკვეთრად იბრუნა პირი “ყოჩებმა” ფაქტობრივად მოგებული თამაშები წააგო. თუკი ეს ყველაფერი ჯერ კიდევ რეგულარულ გათამაშებაში მეტ-ნაკლებად დასაშვები იყო, პლეი ოფში განცდილმა ორმა მარცხმა 2015 წელს საჩემპიონო ამბიციებს წერტილი დაუსვა.
არადა, ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, “ლელო-სარასენსთან” პრაქტიკულად მოგებული თამაში, საკუთარი შეცდომების და უიღბლობის გამო ბოლო წუთზე არასაჭირო ჯარიმით დავთმეთ, ახლა კი, ამდენი შეცდომის ფონზე “ლოკომოტივის” დამარცხება აუხდენელ ოცნებად დარჩა. ყველაზე გულსატკენი კი ისაა, რომ რუსთავის სარაგბო სტადიონზე მეტოქეს არ მოუგია – თამაში “ყოჩებმა” წააგო, იმ შეცდომების გამო, რომელიც ერთი მატჩისთვის ასე მრავლად დაუშვა…
ბიჭებმა იბრძოლეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ალბათ, ზედმეტი ნერვიულობის ბრალია, უწყინარ სიტუაციებში ელემენტერალური შეცდომების გამო ბურთი ამდენჯერ რომ დაიკარგა. “ლოკომოტივმა” “ყოჩებისგან” საჩუქრად ოთხი სალელოვე შანსი მიიღო, მათგან ორი გამოიყენა და ფაქტობრივად არაფრისგან 14 ქულა მიიღო. სათამაშო დროის ნახევარზე მეტი, ბოლნისელები უპირატესობას ფლობდნენ და ლელოებიც იქით უნდა გაეტანეთ, მაგრამ უპირატესობის გამოყენების ნაცვლად, შეუთანხმებლობის, არასწორი პასის, ან ბურთის ვერმიღების გამო, ლელოები აქეთ გავიდა და ეს სწორედ იმ უიღბლობის და ნერვიულობის შედეგია, რომელიც თავში ვახსენეთ.
მაგრამ გუნდის შენებას დრო ჭირდება და ერთ და ორ წელიწადში მნიშვნელოვანი შედეგის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ფაქტი ისაა, რომ გუნდი პროგრესირებს, თამაშის ხარისხი იხვეწება და შარშან და წელს მიღებული გამოცდილება სამომავლოდ შედეგს აუცილებლაფ გამოიღებს. ის თავდადება, რომელიც ამ ბიჭებმა წლევანდელ სეზონში აჩვენეს, უკვალოდ არ ჩაივლის და მათი გარჯა მომავალში საჩემპიონო ტიტულის შემართვით აუცილებლად დაგვირგვინდება.
ახლა კი, საწყენი ისაა, რომ “ლოკომოტივის” დამარცხება და ფინალში გასვლა თავისუფლად შეიძლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. რუსთავის სარაგბო სტადიონზე გამართულ შეხვედრას 1000-მდე გულშემატკივარი დაესწრო და მათ იხილეს უშეღავათო ბრძოლა. “ყოჩები” შექმნაზე ორიენტირებული გუნდი იყო, მაგრამ ბოლნისელთა შესრულებით პასის კულტურამ მოიკოჭლა და ამით გამოცდილმა “ლოკომოტივმა” კარგად ისარგებლა.
ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა. ბურთი თამაშში “ლოკომოტივმა” შეიყვანა და მას თავადვე დაეუფლა, “ყოჩები” რაქში დაჯარიმდა და ბექა წიკლაურმა კარის წინ 37 მეტრიდან დარტყმა ზუსტად შეასრულა. ბოლნისელებმა თამაშში ბურთი ვერ შეიყვანეს, რაც ასევე ნერვიულობის შედეგი უნდა იყოს, მაგრამ მერე მათმა შერკინებამ მეტოქისას აჯობა და თემურ სოხაძემ ცენტრიდან გატანილი ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა. მერე “ლოკომოტივმა” დაახლოებით სამი წუთი უტია, მაგრამ დაცვა მაგრად დადგა და მეტოქე ჩვენს ჩათვლის მოედანს 40 მეტრზე ახლოს ვერ მიუახლოვდა.
მერე “ყოჩები” ათამაშდა და მე-14 წუთზე კარგი შეტევა წამოიწყო, გიორგი ხარშილაძემ ფეხით ითამაშა, მცველებმა ბურთის დაუფლება ვერ მოახერხეს და ალექსი ხუციშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ ირლანდიელმა რეფერიმ მანამდე წინ თამაში დააფიქსირა. მე-20-ე წუთზე ბოლნისელები საკუთარი ნახევრიდან იწყებდნენ შეტევას, მაგრამ სამი კარგი ოფლოუდის შემდეგ, დიმიტრი კალანდაძემ გადაცემა ჩაჭრა და დაიძრა. მას ლევან გოგოლაშვილი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს დაეწია და თითქოს სიტუაციის გადარჩენის შანსი გაჩნდა, მაგრამ რკინიგზელთა გარემარბი ჩათვლის მოედანს მაინც მიწვდა. წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაბლოზე დაუმსახურებელი 3:10 აენთო.
“ყოჩებს” მალევე შეეძლოთ პასუხის გაცემა, რატი გარუჩავამ ცენტრში ხაზი გაჭრა და გრძელი პასით ფლანგზე გარღვევაზე ირაკლი გეგენავა გაიყვანა, რომელიც პირველ მბოჭავს გაექცა, მეორემ 5-მეტრიან ზონაში შებოჭა, მაგრამ ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვემ ბურთი სოხაძეს ამოუგდო და მანაც ლელო გაიტანა, ოღონდ გვერდითმა მსაჯმა ის გააუქმა – შემტევი მანამდე გვერდით ხაზს ფეხით შეეხოო. მერე “ყოჩებმა” სწრაფად გაათამაშა ჯარიმა, “ლოკომოყივმა” 10 მეტრი წესის დაარღვია, ამჯერად ბოლნისელებმა ჯარიმა კარში დაარტყეს და სოხაძემ დაახლოებით 48 მეტრიდან სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა.
ტაიმის ბოლოს ორივე გუნდმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ამით ვერავინ ისარგებლა. ჯერ წიკლაურის შორეულმა არეკნმა კარამდე ვერ მიაღწია, ბურთის ფეხით დაბრუნების შემდეგ, “ლოკომოტივმა” ხელდახელ შეუტია და შეცდომის შედეგად კონტრშეტევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ არაზუსტი პასის შემდეგ რკინიგზელებს მეორე ლელოს გატანის შანსი გაუჩნდათ. ამ ჯერზე ალექსი ხუციშვილმა გვიხსნა, რომელმაც ფეხით შეცურებულ ბურთზე თამაში ორ მეტოქეს დაასწრო. გადაცემისას მესამე შეცდომის შემდეგ, თბილისელებს ლელოს გატანის შანსი კვლავ მიეცათ, მაგრამ ბურთი წინ დაუვარდათ და ტაიმი 6:10 დასრულდა.
მეორე ტაიმი ბოლნისელებმა მძლავრად დაიწყეს და ორ წუთში დაწინაურდნენ. იმ დღის საუკეთესო მოთამაშე გოგოლაშვილმა, ხაზი ცენტრში გაჭრა და ცრუმოძრაობებით დაახლოებით 25 მეტრი ირბინა, რაქიდან ბურთი მარცხენა ფრთაზე ნიკა ჩხიკვაძემ მიიღო, რომელმაც ზედ ლელოს ხაზთან დავით ხიდეშელს ოფლოუდი გაატანა და მასაც ლელოს გატანა არ გაჭირვებია. სოხაძემ გარდასახვა შეასრულა – 13:10. “ლოკომოტივმა” ბურთი თამაშში ხეირიანად ვერ შეიყვანა, მერე შერკინება დაჯარიმდა, მაგრამ ამჯერად სოხაძეს დარტყმა გაუფუჭდა.
რკინიგზელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა სხადეს და ფლანგზე უპირატესობაც შექმნეს, მაგრამ ხუციშვილმა მეტოქე ისე შებოჭა, მას ყველაფრის ხალისი დაუკარგა და ბურთიც წინ გადაუვარდა. აქ გოგოლაშვილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და კონტრშეტევისას ხაზი გაჭრა, მაგრამ ბურთი ფეხით რომ გადაიკიდა, ეუხეშნენ და ამჯერად სოხაძის ცენტრიდან დარტყმულმა ძელებსშუა გაიარა – 16:10 და თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, ბოლნისელი გულშემატკივარი 9 მაისზე დაფიქრდა.
“ლოკომოტივი” დანებებას არ აპირებდა, მით უმეტეს, რომ ინტენსიური თამაშის შემდეგ “ყოჩებს” დაღლა დაეტყო და 55-ე წუთზე წიკლაურმა ჯარიმით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა. ბოლნისელებმა უპირატესობის დაბრუნება სცადეს, მაგრამ სოხაძის 40 მეტრიდან დარტყმული არეკნი ძელმა აისხლიტა – ესეც მორიგი უიღბლობა, ხოლო მცველების შეცდომით ხუციშვილმა და ხიდეშელმა ვერ იხეირეს, რომელთაც ერთმანეთს ვერ გაუგეს და თბილისელებს ლელო “არ გაუტანეს”. 62-ე წუთზე სოხაძეს 24 მეტრიდან გაუფუჭდა არეკნი და ინიციატივა “ლოკომოტივის” მხარეს გადავიდა.
ისინი ჯარიმას კარში არ ურტყამდნენ, რადგან ასეთ სიტუაციაში, ფრის შემთხვევაში, დებულებით ფინალში “ყოჩები” გადიოდა, რომელიც თავდადების ხარჯზე ახერხებდა გააფთრებული შეტევების მოგერიებას. მერე საქმის მომთავრების შანსი გაჩნდა, როდესაც გეგენავამ კონტრშეტევაზე დაახლოებით 50 მეტრი ირბინა, შეტევა შავლეგ მახარაშვილმა გააგრძელა, მაგრამ ის შებოჭეს და ბურთი დაიკარგა. რკინიგზელებს იმედი შერჩათ, შეუტიეთ და 75-ე წუთზე რეფერის გადაწყვეტილებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა – მან თეიმურაზ ჯინჭარაძე გაასინბინა… ამ ყვითელი ბარათის გამო, ფრის შემთხვევაში ფინალში უკვე “ლოკომოტივი” გადიოდა და წიკლაურმაც ახლო მანძილიდან ანგარიში 16:16 გახადა.
ახლა უკვე კაცნაკლულ ბოლნისელებს ჭირდებოდათ შედეგიანი შეტევა და სოხაძე ავანტურაზე წავიდა, მან მოკლეზე რომ გადაკიდა ბურთიც თავად აიღო და ხიფათის შექმნის საშუალებაც გაჩნდა, მაგრამ პასი ხელებში პირდაპირ წიკლაურს მიუვიდა, რომელმაც ბურთს ფეხი ძლიერად დაკრა, კარგად მიყვა და ჯაბა კიკვიძის მცდელობის მიუხედავად, ლელო-გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 16:23 და ბოლნისური კლუბი მესამე ადგილს დასჯერდა.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი 
პლეი ოფი. მცირე ფინალი. 2 მაისი
რუსთავი. ახალი. 1000 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) – ლოკომოტივი (თბილისი) 16:23 (6:10)
ყოჩები: 1 ლელო – ხედეშელი; 1 გარდასახვა – სოხაძე; 3 გარდასახვა – სოხაძე; 1 სინბინი – ჯინჭარაძე
ლოკომოტივი: 2 ლელო – კალანდაძე, წიკლაური; 2 გარდასახვა – წიკლაური; 3 ჯარიმა – წიკლაური
ფინალი. 9 მაისი
“მიხეილ მესხი”. 16:00 საათი
ლელო-სარასენსი (თბილისი) – ლოკომოტივი (თბილისი)
kochebi.ge-ის ავტორი: ზურაბ ქსოვრელი
11181933_371358863066199_7729171764671239955_o 11194405_371357476399671_6420659174481362174_o 11174697_371357419733010_2623810082978205847_o 11174532_371358733066212_4031212370216208928_o 11083716_371358229732929_7727598239245908361_o 11112482_371358076399611_2370492950281709680_o 11124844_371358223066263_8286017435582622395_o 11154764_371357339733018_7664461659301134760_o 11154982_371357783066307_9173873855674525632_o
11187805_1643057385917515_4525094983663678079_o 11194420_1643057379250849_4713517163936855851_o 11155154_1643057372584183_8900509760066171757_o 11157564_1643057369250850_2401350098653387371_o 11194556_1643057392584181_3676673701915187609_o

Share.

Comments are closed.