სულხან-საბას ლიტერატურულ სახლ-მუზეუმს ექსპონატები გადაეცა

0

11289832_792797374168340_581155532_nაპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის სამუზეუმო ფონდის წარმომადგენლებმა ტანძიის სულხან-საბას ლიტერატურულ სახლ-მუზეუმს 7 წლით 43 ერთეული ექსპონატი გადასცეს. აქცია ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. სხვადასხვა სახის რთული კომპოზიციური სიუჟეტების ჭედურობა, ხეზე ნაკვეთი მითოლოგიური და რეალისტური გმირები, თიხითა და ჭიქურით დამზადებული დეკორატიული ლანგრები და ქვაში ნაკვეთი დავით გურამიშვილი – ეს იმ ექსპონატების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც 24 მაისს ტანძიის  ლიტერატურულ მუზეუმში დაიდო ბინა, სადაც  დამთვალიერებელს ექსპონატების მრავალფეროვნება და ექსპოზიციის სიახლე ელის.

თემურ ბიბილური, სამხატვრო აკადემიის სამუზეუმო ფონდის ხელმძღვანელი:

– მემორანდუმის ფარგლებში  შევიმუშავეთ რამდენიმე კარგი პროექტი. ერთ ერთია ტანძიის ლიტერატურის მუზეუმისადმი ჩვენი დახმარება. სამწუხაროდ, აქ მწირი ექსპოზიციაა, ამიტომ გადავწყვიტეთ მუზეუმს არა საჩუქრად, არამედ დროებით  გადავცეთ თოიძის სასწავლებლის სტუდენტთა და პედაგოგთა სამუზეუმო ფონდის ნამუშევრები.

ნაზი ბიძინაშვილი,  ტანძიის სულხან-საბას სახლ-მუზეუმის მენეჯერი:

_ დღეს  დიდი საჩუქარი მივიღეთ, საბას ლიტერატურული სახლ-მუზეუმი ექსპონატებით გამდიდრდა და მრავალფეროვანი გახდა, რაც ვიზიტორის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

ექსპონატების გადაცემის შემდეგ, საბას ლიტერატურულ სახლ-მუზეუმში სემინარი ჩატარდა,  კოლეგებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ახალი სამუზეუმო სისტემების დანერგვაზეც ისაუბრეს.

„ჩვენი კოლეგებისათვის გავმართეთ სამუზეუმო სემინარი, მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. უახლოეს მომავალში  გვეყოლება უცხოელი ტრენერები, რომლებიც თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ჩაატარებენ პროფესიის გასაღრმავებლად“, – აღნიშნა თემურ ბიბილურმა.

„სამხატვრო აკადემია კვლავ განაგრძობს ბოლნისის მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობას და დღეს ვართ ტანძიაში, სადაც სამუზეუმო სემინარი ჩატარდა ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და ტანძიის მუზეუმის თანამშრომელთათვის, სამხატვრო აკადემიამ თავისი გამოცდილება გაგვიზიარა და ძალიან კმაყოფილები ვართ“, – განაცხადა ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერმა ანა აკოფიანმა.

მარინე გავაშელი


Share.

Comments are closed.