როგორ უნდა დავიცვათ ქვეწარმავლებისაგან თავი და ვის უნდა მივმართოდ მათი გამოჩენის შემთხვევაში

0

e18392e18395e183ace1839ae18398ზაფხულის დადგომასთან ერთად ბოლნისში ქვეწარმავლების პრობლემა აქტუალური ხდება, რადგან დაუპატიჟებელი სტუმარი შესაძლოა ნებისმიერის სახლში, ან ეზოში აღმოჩნდეს. გველების დაჭერა-გაუვნებელყოფას წელს ტენდერში გამარჯვებული შპს „ქეი-ენ-დვენჩე“ განახორციელებს. მან მუშაობა პირველი მაისიდან დაიწყო.

ჩვენი რესპოდენტი გვიამბობს, რომ ბოლნისი მისთვის უცხო არ არის, აქ დაიბადა და გაიზარდა,  კარგად იცნობს ყველა ქუჩას, სოფელს. მისთვის უცხო არც ბოლნისელები არიან. პროფესიით ტელემექანიკოსმა მეორე საქმედ სწორედ გველების დაჭერა-გაუვნებელყოფა აირჩა, როგორც თავად აღნიშნავს „გველი საშიში სულაც არ არის, პირიქით, ეკოლოგიის თვალსაზრისით სასარგებლო ქვეწარმავალია. თუ არ გესმის მისი, ვერც შეძლებ ამ საქმეზე მუშაობას, უამრავ ლიტერატურას ვეცნობი ამ კუთხით და ვიცი, როგორი სიფრთხილით უნდა მოვეკიდო“.

რამდენი გველი ჰყავს დაჭერილი ვერ თვლის, თუმცა ბევრი ადამიანი გადაურჩენია. ძირითადად რა სახეობის გველი ბინადრობს ბოლნისში და როგორ უნდა დავიცვათ მისგან თავი, თავად ბორის ეკლიკიანი გვიამბობს:

„ბოლნისში ძირითადად გიურზები,  კატისთვალა და   წყლის გველები ბინადრობენ.  ქვეწარმავლები ქალაქის ზედა ზონასა და ჭალის მხარეს, ძირითადად ისეთ ადგილებშია, სადაც მაღალი ბალახი და ნაგავსაყრელია. გველი ჩნდება იქ, სადაც თაგვი ან სხვა მღრღნელებია. მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, ეზოებში გათიბონ ბალახი და დაიცვან სანიტარული ნორმები. ადამიანს ყველა სახის გველი ერიდება, აგრესიული მხოლოდ მაშინ ხდება, თუ გააღიზიანებენ, ან ფეხს დაადგამენ. ქვეწარმავლის სახლში, ეზოში და თუნდაც ქუჩაში დანახვის შემთხვევაში,  მოერიდეთ და აუცილებლად  დარეკეთ ცხელ ხაზზე 593 507 604. შიშველი ხელით არ შეიძლება მასთან ბრძოლა, სპეციალური აღჭურვილობა და  ხელსაწყოები მაქვს, რითაც ხდება მისი დაჭერა“.

მაისის თვეში გველები აგრესიულობით გამოირჩევიან და ძირითადად  ე.წ.ტაფნის ტერიტორიაზე ბინადრობენ. სწორედ ამ პერიოდში ხდება მათი გამრავლება, ივლისის თვიდან ისინი გამოდიან. ტენდერში გამარჯვებული შპს დაჭერილ გველებს  მთებში უშვებს, რადგან მათი ლიკვიდირება აკრძალულია.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.