პირველკლასელებმა ანბანი გააცილეს

0

11216501_790603261054418_1922992554_nქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი ლამაზი ღონისძიებით გააცილეს. სწორედ დაწყებით კლასებში იწყება ქართული ენის დაუფლება და   საფუძველი ეყრება სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებას, მეტყველებას, ბგერების სწორად წარმოთქმას. სწავლის პირველი წელი ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქოლოგიის და გონების ჩამოყალიბების პროცესში, მსგავსი სახის ღონისძიებებიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას. პატარა აღსაზრდელები ნაბიჯ-ნაბიჯ, ასო-ასო ეუფლებიან ქართულ ენას და სასწავლო წლის ბოლოს კი მთელი წლის მანძილზე მიღებული ცოდნის წარმოჩენა ხდება.

,,როგორც გლეხი ელოდება შემოდგომას,  ასე ელოდება  წლის ბოლოს  პირველი კლასის მასწავლებელი, რადგან ამ დროს თავს იყრის მთელი წლის შემოქმედება და  მოსავალიც ეს არის.  ვფიქრობ მოსავალი ავიღეთ და არც თუ  წარუმატებლად. ვთქვით,რომ დედაენა 33 მზის წიგნია და მინდა, რომ ამ მზემ მუდმივად იგიზგიზოს და მრავალ თაობას გაუნათოს  გზა“-ამბობს ქეთევან დადვანი.

,,მე და ქეთინო მასწავლებელმა ერთად ვიშრომეთ და გვინდოდა  ეს დღე ჩვენი პირველკლასელებისთვის განსაკუთრებული  ყოფილიყო. ჩემს პატარა აღსაზრდელებს   ვულოცავ  პირველი კლასის  წარმატებით დამთავრებას“-  აცხადებს ლეილა მოსიკაშვილი.

მზია ფრუიძე, პირველი კლასის მასწავლებელი:

-დღევანდელი ღონისძიებისთვის ნამდვილად ბევრი ვიშრომეთ და შედეგიც  სახეზეა,  ბავშვებმა აქ აღნიშნეს, რომ მთელი წელიწადი დიდი შრომის ფასად დაუჯდათ ანბანის სწავლა, სამაგიეროდ ახლა წერა-კითხვა იციან  და მზად არიან მეორე კლასისათვის.

ირმა წაქაძე, სკოლის დირექტორი:

-დღეს იყო დედაენის გაცილება, პირველი კლასი დაამთავრა სამმა კლასმა საკმაოდ კარგი ღონისძიებებით, ვნახეთ რამდენი რამ უსწავლიათ ამ ერთი წლის განმავლობაში, ეს  არის ჩვენი პროფესიონალი პედაგოგების დამსახურება,   ბავშვებმა წარმოადგინეს  უამრავი სიმღერა და ცეკვა, ასევე ქეთევან მასწავლებელს ჰქონდა აფორიზმები, სიბრძნეები, ეს იმას მეტყველებს, რომ  მასწავლებლები უდაოდ ბევრს შრომობენ.   ვფიქრობ,  უკვე სახეზეა ჩვენი ნათელი მომავალი,  საქართველოს არ უნდა ეშინოდეს ისეთი კარგი თაობა მოდის.


Share.

Comments are closed.