ორი “ყოჩი” საუკეთესოა!

0
1660889_269312336604186_3068314782619537203_nსაქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა. ფინალურ მატჩში “ლელო-სარასენსმა” საკმაოდ იოლად, 30:21 მოუგო “ლოკომოტივს” და ზედიზედ მესამედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
არადა, პლეი ოფში ბოლნისის “ყოჩებმა” ამ გუნდს პრაქტიკულად ყველაფერში აჯობა, მაგრამ ირაკლი ყიასაშვილს იმ დღეს განსაკუთრებით უმართლებდა და ცენტრიდან ოეი არეკნი გაიტანა, ხოლო ბოლო წუთზე ბოლნისელების შეცდომით ისარგებლა, რომელთაც რატომღაც საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ შეუტიეს, მაგრამ ჩახურვისთვის დაჯარიმდნენ და ყიასაშვილმა ჯარიმით თბილისელებს 22:21 მოაგებინა.
“ყოჩებს” ფინალში გასვლის შანსი კიდევ ჰქონდა და წინამატჩის მსგავსად, მცირე ფინალში “ლოკომოტივსაც” პრაქტიკულად ყველაფერში აჯობა, მაგრამ უპირატესობები ვერ გამოიყენა, მეტოქეს ლელოები “აჩუქა”, სულ ბოლოს კი, ორი გადამწყვეტი შეცდომა დაუშვა და მხოლოდ ბრინჯაოს მედლები დასჯერდა. 2015 წელს გუნდმა 2010 წლის შედეგი გაიმეორა, მაგრამ ეს ის არ იყო, რასაც იმსახურებდა. სამაგიეროდ, გუნდმა შეიძინა ის საჭირო გამოცდილება, რაც წარმატების მისაღწევად ასე აუცილებელია და რამაც მომავალ ჩემპიონატში ბოლნისელები ჩემპიონატის ფავორიტად უნდა აქციოს.
მართალია “ყოჩები” წელს ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ მისმა ორმა მორაგბემ უმნიშვნელოვანესი ინდივიდუალური ჯილდოები დაისაკუთრა და წლის ბოლოს დამსახურებულ პრიზებსაც მიიღებენ. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო ფინალური შეხვედრა, რადგან საუკეთესო ბომბარდირის და საუკეთესო მელელოვისთვის დავაში, ჩვენებურების უახლოესი მდევრები “ლელო-სარასენსში” თამაშობდნენ.
“ყოჩების” მგეზავმა, გუნდის კაპიტანმა თემო სოხაძე, XXV ჩემპიონატში 203 ქულა მოაგროვა, “ლელო-სარასენსის” ფილბეკ ირაკლი ყიასაშვილის ანგარიშზე კი, ფინალამდე 177 ქულა ჰქონდა. სხვათა შორის, შარშან, ფინალში, ყიასაშვილმა გუნდის 24-ივე ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა და სოხაძეს 1 ქულით აჯობა. ახლა მან მხოლოდ 15 ქულა მიითვალა, ჯამში 192 მოაგროვა და 203 ქულით სოხაძე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა!
საუკეთესო მელელოვეთა დავაში 8 ლელოთი მეორე ადგილზე იყო “ლელო-სარასენსის” კვაჭი გიორგი ლომთაძე. მან ფინალში ლელო ვერ გაიტანა და მეორე ადგილზე დარჩა, საუკეთესო მელელოვე კი, “ყოჩების” გარემარბი ირაკლი გეგენავა გახდა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში 10 ლელო გაიტანა!
kochebi.ge-ის ავტორი: ზურაბ ქსოვრელი

Share.

Leave A Reply