მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაბა კაზრეთის ჭიდაობის დარბაზი მოინახულეს

0

10636700_852459454764198_5385872195466656922_o„მოგახსენებთ, რომ დაბა კაზრეთში არსებულ სპორტულ დარბაზში დაზიანებულია იატაკი, ასევე გაბზარულია კედელი, რაც საშიშროებას უქმნის ბავშვების უსაფრთხოებას“ – ამ შინაარსის განცხადებით მიმართა ააიპ საქართველოს განათლებისა და სოციალური პროექტების ასოციაციამ მიმდინარე წლის 4 აპრილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ გოგი მეშველიანს.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ  საჭიდაო დარბაზი მოინახულა და ადგილზე შეისწავლა იქ არსებული პრობლემები.

„განცხადების პასუხად ავედით, რათა ადგილზე შეგვესწავლა სიტუაცია, მაგრამ გაცილებით რთული ვითარება დაგვხვდა, ვიდრე დაზიანებული იატაკია. იქ არარსებული სავენტილაციო სისტემა იწვევს იმ პრობლემებს, რაც დარბაზშია“.

ამორტიზირებული და  ჩატეხილი იატაკი, დაზიანებული კედლები, დანესტიანებული გამოსაცვლელები და მოუწესრიგებელი საშხაპეები – ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც დიდ სიძნელეებს უქმნის სპორტსმენებს ვარჯიშის დროს.  მიუხედავად ამისა, 40-მდე სხვადასხვა ასაკის მოჭიდავე ვარჯიშს მაინც აგრძელებს.

„ამ დარბაზს არა ერთი წარმატებული სპორტსმენი გაუზრდია,  გვყავს ევროპის ჩემპიონი, ევროპის პრიზიორი და საქართველოს ჩემპიონები, ასევე გვქონდა დიდი მიღწევები სხვადასხვა ტურნირებში.  სპორტსმენების სახელით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძრვანელობას ვთხოვ დაგვეხმაროს და შეგვიქმნას ისეთი პირობები, რომ მოჭიდავეებმა სრულყოფილად და უსაფრთხოდ ივარჯიშონ, რათა მომავალში უფრო მეტ წარმატებებს მივაღწიოთ“, -აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში  თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელმა ელგუჯა ბასილაშვილმა.

შენობა ათეული წლის წინ აშენდა როგორც კინოთეატრი, შემდეგ პროფილი შეეცვალა და სპორტდარბაზად გადაკეთდა, აღნიშნული სამუშაოების დროს სავენტილაციო სისტემა არ დამონტაჟდა და დღესდღეობით დარბაზში არსებული მდგომარეობაც ამის შედეგია.

„ამ ეტაპზე ვამზადებთ საპროექტო დავალებას,  რითაც იწყება ყველა ობიექტის მშენებლობა, წლევანდელ ბიუჯეტში ვერ განვახორციელებთ, თუმცა პროექტს ვიყიდით“, – ამბობს კონსტანტინე კორძაძე.

როგორც  მწვრთნელი ელგუჯა ბასილაშვილი აცხადებს, პირველ რიგში იატაკი უნდა შეკეთდეს, რომ მოხერხდეს ყველა ასაკის სპორტსმენების სრულყოფილი მომზადება.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ დაბა კაზრეთში თავისუფალი ჭიდაობის დარბაზში ამ ეტაპზე შეკეთდება მხოლოდ იატაკი, რათა კლუბმა ვარჯიში შესძლოს.

რეკლამა

 


Share.

Comments are closed.