მოსახლეობის საყურადღებოდ!

0

c8kz9ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობებზე, ფოთლოვან სახეობებზე (მუხრან-რცხილნარი და სხვა) გამოვლინდა ფოთლის მღრღნელი მავნებლების მასობრივი გავრცელება.
აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარდა რეკოგნოსცირებული გამოკვლევა და დაზუსტდა მავნებლების გავრცელებისა და მაღალი რისკის მქონე ფართობები, მათ შორის, ქვემო ქართლის სატყეო მართვას დაქვემდებარებული ბოლნისის სატყეო უბნის ფოლადაურისა და კაზრეთის სატყეოები, სულ 342,0 ჰა (მიმდებარე დასახლებული პუნქტები: ფოლადაური, ზემო ბოლნისი, სოფელი ბოლნისი, სამწევრისი). სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, ივნისის პირველ კვირაში გეგმავს გამოვლენილ მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებს ავიაციის მეშვეობით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგრარული უნივერსიტეტიდან წერილობით მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე დაზუსტდა მავნებლებთან ბრძოლის მეთოდი და გამოსაყენებელი პრეპარატი. პრეპარატი შეირჩა დიდი სიფრთხილით, რადგან შეწამვლა შესაძლოა განხორციელდეს დასახლებული ადგილებისა და სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან ახლოს. აღსანიშნავია, რომ შერჩეული პრეპარატი- ლეპიდოციდი სკ-მ წარმოადგენს ბიოლოგიურ ინსექტიციდს, რომელიც ტყის ჯიშებთან ერთად გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების დამუშავებისთვისაც და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით მიეკუთვნება საშიშროების ყველაზე დაბალ კლასს- არ არის ტოქსიკური ადამიანების, თბილსისხლიანი ცხოველებისათვის, თევზებისათვის, ფუტკრებისათვის და სასარგებლო მწერებისათვის მითითებული ნორმით და წესით გამოყენების შემთხვევაში.
ავიაციით ტყეების დამუშავება განხორციელდება დილის (გამთენიისას, მზის ამოსვლამდე) და საღამოს საათებში, სავარაუდოდ ერთი დღის განმავლობაში. ამ პერიოდისათვის რეკომენდირებულია ფუტკრის ფრენის შეზღუდვა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უშუალოდ ღონისძიების განხორციელების წინა პერიოდში დამატებით გაავრცელებს გამაფრთხილებელ განცხადებებს. შეწამვლის პროცესი განხორციელდება სპეციალისტების ზედამხედველობით.


Share.

Comments are closed.