მთავარმა ბიბლიოთეკამ საბას დარბაზში სამხატვრო აკადემიის პროფესორს ნინო ღაღანიძეს უმასპინძლა

0

11348973_790627804385297_1817089938_n

„საჯარო საუბრები“ ასე ეწოდა შემეცნებით ლექცია-საუბრებს, რომელიც მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთათვის, პედაგოგებისთვის და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართა.

ქალბატონმა ნინომ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და  სამხატვრო აკადემიის იმ წარმატებულ კურსდამთავრებულებზე ისაუბრა, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დიდი წარმატებები მოუტანეს. ასევე მან ისაუბრა სამხატვრო აკადემიის უძველესი შენობის ისტორიაზე, რომელიც ამიერკავკასიაში ერთადერთია. შეხვედრის დროს ნაჩვენები იყო ძველი ფოტოების უნიკალური ფოტო-კოლაჟი. მოეწყო სტუდენტების ნამუშევრების ფოტოსესია, სადაც წარმოდგენილი იყო ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი.

„მსგავსი ღონისძიებები დაგეგმილი გვაქვს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, ეს ღონისძიებები კომპლექსურია. გვაქვს შეხვედრები მოზარდებთან და აბიტურიენტებთან იმისთვის, რომ  უფრო გავუფართოოთ თვალსაწიერი და მოვუყვეთ იმის შესახებ თუ რა ხდება დღევანდელ სახელოვნებო უმაღლეს განათლებაში.  ამ ღონისძიებებს ვგეგმავთ მომავალი აბიტურიენტების მოზიდვის თვალსაზრისით და სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის საკითხებში უკეთ გარკვევის მიზნით“,- აღნიშნა  bolnisi.ge-თან ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, სამხატვრო აკადემიის პროფესორმა ნინო ღაღანიძემ.

საინფორმაციო შეხვედრა კვირეულის ფარგლებში ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მხარდაჭერითა და ორგანიზატორობით გაიმართა.

„გასულ წელს ჩვენსა და სამხატვრო აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და 20 მაისს, კვირეულის ფარგლებში, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ორგანიზატორობით სამხატვრო აკადემიის პროფესორმა საჯარო საუბრები ჩაატარა“, -აღნიშნა ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერმა ანა აკოფიანმა.

„საჯარო საუბრები”   ,,ფესტივალი – ბოლნელები საქართველოსთვის” ფარგლებში იმართება.

მარინე გავაშელი

 


Share.

Comments are closed.