დისველის სკოლაში ეკოკლუბი ჩამოაყალიბა

0

10567486_785297524918325_508966620_nკავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) სოფელ დისველში ახორციელებს პროექტს „სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობებისა და როლის გაძლიერება მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“, რომლის ფარგლებშიც დისველში არსებულმა ქალთა საბჭომ სკოლაში ეკოკლუბი ჩამოაყალიბა. პროექტი გულისხმობს სასკოლო ბაზაზე არსებულ  კლუბს, სადაც გაწევრიანებული არიან მოსწავლეები, პედაგოგები, საზოგადოების წევრები. ეკოკლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობენ გარემოსდაცვითი მიმართულების ღონისძიებებში,  საზოგადოებას ეხმარებიან გარემოს დაცვითი კუთხით  ცნობიერების ამაღლებაში. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კაკლის ნერგები დარგეს და კარტოფილი დათესეს, კონსულტანტ-პედაგოგ მედეა ჯაფარიძის დახმარებით მათ ბუნების დაცვა-შენახვაზე მინი სპექტაკლი მოამზადეს, რომელსაც პროექტის დამფინანსებლები HILFSWERK  ავსტრიის განვითარების სამხრეთ კავკასიის მენეჯერი ნიკოლ პაუერი და CENN-ის აგრომენეჯმენტის სპეციალისტი კატერინა პობერეჟნა დაესწრნენ, მათ ეკოკლუბის წევრებს საჩუქრად ნიადაგის საკვლევი დანადგარი ჩამოუტანეს.

„გარემოს დაცვითი კუთხით ვახორციელებთ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს,  ვაწარმოებთ გამოკითხვას მოსახლეობაში, დავარიგებთ საინფორმაციო ფლაერებს, მოვაწყობთ შაბათობას, ეკოკლუბის წევრებმა პროექტის ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დათესეს კარტოფილი და დარგეს კაკლის ნერგები, ტერიტორია შემოღობილია და მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა“, -აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ეკოკლუბის კონსულტანტ-პედაგოგმა მედეა ჯაფარიძემ.

ნიკოლ პაუერი, HILFSWERK ავსტრიის განვითარების სამხრეთ კავკასიის მენეჯერი:

_ პროგრამის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება და ჩართვა სხვადასხვა საქმეში. დისველი ეკომიგრანტებითაა დასახლებული და საკმაოდ უჭირს  ხალხს, აქცენტი სწორედ ასეთ სოფლებზე გავაკეთეთ. ქალთა საბჭოს დახმარებით ჩამოვაყალიბეთ ეკოკლუბი. მოსწავლეები სოფელში მცხოვრებ ქალებთან ერთად მუშაობენ ბუნების, წყლის და მიწის საკითხებზე. ჩვენ ჩამოვუტანეთ ხელსაწყოები, რომლის საშუალებითაც ნიადაგის გამოკვლევას შეძლებენ.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.