„გვჯერა, რომ ბოლნისს წინ დიდი მომავალი აქვს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა დაიბრუნოს ჩვეული ხიბლი და აქ ცხოვრება სასურველი და საამაყო გახდეს”

0

11231095_960818770645909_46169308369110565_nგოგი მეშველიანი- ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

– ძვირფასო ბოლნისელებო,
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – 26 მაისს.
საქართველოს ისტორია ჩვენი დიდი წინაპრების თავგანწირული ბრძოლაა სამშობლოსთვის. სწორედ თავისუფლებისთვის იბრძოდნენ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია – 97 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ასრულდა ყველა ქართველის საუკუნოვანი ოცნება და ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობა დიდხანს ვერ გაგრძელდა. თუმცა ჩვენს ხალხს არასდროს შეუწყვეტია ფიქრი სამშობლოს დამოუკიდებლობის მოპოვებაზე. ყველა თაობა გულით ატარებდა ამ იდეას.
საქართველო დიდი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა. ჩვენმა ტოლერანტობამ, კაცთმოყვარეობამ, სამშობლოს სიყვარულმა, და მისთვის თავდადების უნარმა შეგვინარჩუნა ქვეყანა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის წარმოადგენდა ტოლერანტობისა და საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითს.
გვეამაყება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ჩვენი აზერბაიჯანელი, სომეხი და სხვა ეროვნების თანამოქალაქეები.
ჩვენი საზოგადოების განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ხალხს აქვს საშუალება თავად განსაზღვროს და გადაწყვიტოს საკუთარი სოფლის და მუნიციპალიტეტის ბედი. გვაქვს შესაძლებლობა თვითონ ავირჩიოთ თვითმართველობა, რაც ხალხისათვის რეალური ძალაუფლების გადაცემის მნიშვნელოვანი პირობაა. დღეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქე გრძნობს და ითავისებს, რომ მუნიციპალიტეტი მისია და თავადვე უნდა უპატრონოს მას.
დღევანდელი 26 მაისი განსაკუთრებულია – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ახალი იმედებით და საქმეებით ვხვდებით.
დღეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული, საინტერესო საინვესტიციო პროექტები, მათი დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობა, გამოცოცხლებული კულტურული ცხოვრება და ჩვენი სპორტსმენების წარმატებები აძლიერებს იმ განცდას, რომ ჩვენი საზოგადოების განვითარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და უახლოეს მომავალში ეს ყოველივე თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება.
გვჯერა, რომ ბოლნისს წინ დიდი მომავალი აქვს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა დაიბრუნოს ჩვეული ხიბლი და აქ ცხოვრება სასურველი და საამაყო გახდეს ჩვენი თანამოქალაქეებისათვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
მრავალს დავესწროთ ერთიან, თავისუფალ, სამართლიან და ძლიერ საქართველოში!


Share.

Comments are closed.