ბოლნისში საბიბლიოთეკო კვირეული გრძელდება

0

1352793_785308564917221_1548405730_oკვირეულის ფარგლებში დღეს მთავარმა ბიბლიოთეკამ განსხვავებული სახის ღონისძიება შესთავაზა მოწვეულ სტუმრებს, რომელიც ამჯერად მკითხველების ნაცვლად თავად ბიბლიოთეკარებმა წარმოადგინეს.

„ჩვენმა ბიბლიოთეკარებმა არაჩვეულებრივად წარმოადგინეს დღევანდელი ღონისძიება. გაიხსენეს  ქართველები, რომლებმაც  ღირსეულად იცხოვრეს, ღირსეულად შეხვდნენ სიკვდილს და გარდაცვალების შემდეგაც წარუშლელი კვალი დატოვეს ჩვენს ისტორიაში.  მათი უმეტესობა კი სიკვდილის შემდეგ შერაცხეს წმინდანებად“, – განაცხადა bolnisi.ge-თან საუბარში №5 საჯარო სკოლის პედაგოგმა ლეილა ალადაშვილმა.

ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, ქეთევან დედოფალი, დავით აღმაშენებელი, ეს იმ დიდი ქართველი მოღვაწეების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ისაუბრეს ბიბლიოთეკარებმა. „შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა“ ასე ერქვა ღონისძიებას, რომელზეც მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სიცოცხლისა და სიკვდილის მნიშვნელობაზე.

„აღფრთოვანებული ვარ.  ღონისძიებაზე ველოდებოდი მკითხველებს, მაგრამ  ჩვენს წინაშე წარსდგნენ ბიბლიოთეკარები, რაც  უჩვეულო და სასიამოვნო იყო. მიხარია, რომ ბიბლიოთეკა, რომელთანაც უამრავი წელი მაკავშირებს, კვლავაც აქტიურად აგრძელებს მუშაობს და ხშირად გვანებივრებს ულამაზესი ღონისძიებებით. დიდი მადლობა ყველას“, – აღნიშნა №3 საჯარო სკოლის პედაგოგმა ქეთევან ხეცურიანმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობა, კულტურის სფეროს თანამშრომლები და პედაგოგები.  მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ გამომცემლობა „წიგნიერის“ წარმომადგენლები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას მათ მიერ გამოცემული წიგნები გააცნეს. ბიბლიოთეკაში ასევე მოეწყო მკითხველების ნამუშევრების გამოფენაც.

ღონისძიებას საგალობლებით ალამაზებდნენ ბოლნისის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

საბიბლიოთეკო კვირეული 15 მაისს დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.

 ნინო კარგარეთელი


Share.

Comments are closed.