არასამთავრობო ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგის თემა იყო სახელმწიფოთა წყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა. დასასრულს დამსწრე ქალბატონებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
„დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და თვითმმართველობის სტრუქტურაზე, ასევე იმ უფლება-მოვალეობებზე, რომელიც ამ სტრუქტურებს აქვთ მინიჭებული. დამსწრე ქალბატონებმა უამრავი საინტერესო შეკითხვა დასვეს, რაზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის ვქმნით განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებს, ხელს ვუწყობთ ახალი სტერეოტიპებისგან თავისუფალ პროფესიულ არჩევანს“, განაცხადა bolnisi.ge-თან არასამთავრობო ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა რევაზ ეგაძემ.
პროგრამა სახელწოდებით „ჰორიზონტის გაფართოება“, ითვალსწინებს გაუმჯობესებულ არჩევანს ქალთა და გოგონათა პროფესიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, მსგავსი სახის ტრენინგები ტარდება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსთან“ პარტნიორობით.
ნინო კარგარეთელი