ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები დაამტკიცა

0

289301_196454937082300_6120980_o„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად ბოლნისის მუნიციპალიტეტში წელს 1259243 ლარი დაიხარჯება. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით 46 სოფელსა და 2 დაბაში ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდება.

სოფლებში ჩატარებული კრებების მიხედვით  წელსაც პრიორიტეტად სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგება, მშენებარე რიტუალების სახლების დასრულება და შიდა გზების მოწყობა  დასახელდა.

რეკლამა

სოფლად მცხოვრებთა ინფრასტრუქურული პრობლემების გამოსავლენად  საკოორდინაციო ჯგუფის წევრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოსახლეობას 10 დღის განმავლობაში ხვდებოდნენ, მათგან პირადად ისმენდნენ  სოფელში არსებულ პრობლემებს, მოსახლეობა ერთმანეთთან შეჯერებით ასახელებდა პრიორიტეტულ საკითხებს, რომლის  მოგვარებაც სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდება.

„მოსახლეობის უმეტესობამ სოფლებში სასმელი წყლის სისტემების და ჭაბურღილების მოწესრიგება ითხოვა, ასევე პრიორიტეტულ საკითხად რჩება დაწყებული ობიექტების დასრულება. იქ სადაც გასულ წლებში რიტუალების სახლები აშენდა, წელს მთავრობის მითითებით  სოფლის მხარდაჭერის პროგრამით უნდა მოხდეს მისი დასრულება. ასევე ბევრ სოფელში მოწესრიგდება შიდა გზები, მთავრობამ მოხრეშვით სამუშაოებზე უარი გვითხრა, ამიტომ, იქ სადაც გზის საფარის კეთილმოწყობა იგეგმება, მოხდება ნაწილობრივი მოასფალტება. წელს სამინისტროსგან უფლება მოგვეცა ობიექტების მშენებლობიდან მორჩენილი  თანხები გავაერთიანოთ და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ერთ ობიექტზე მივმართოთ“, -აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კორძაძემ.

დაბა კაზრეთში მრავალი წლის მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება, იქ მოსახლეობამ საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მოითხოვა. დაბა თამარისში, ცურტავში, ფარიზში, მუხრანაში და მამხუტში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მოხდება. რიგ სოფლებში მოეწყობა ჭაბურღილები, განხორციელდება რეზერვუარის კეთილმოწყობაც. ქვემო არქევანში, ბალიჭში, გეტასა და წიფორში პრიორიტეტად ისევ რიტუალების სახლის მშენებლობა რჩება. იწრიას მოსახლეობა სარიტუალო ღონისძიებებისთვის ასაწყობი კონსტრუქციის და ტენტის შეძენას ითხოვს. ნახიდურის და ქვემო არქევანის მოსახლეობას მალე სარწყავი წყლის დებეტის პრობლემა აღარ შეექმნება, სოფლის განვითარების პროგრამით საქაჩი ტუმბოების სადგური დაიდგმება. დისველსა და კიანეთში გარე განათება გაკეთდება. მოსახლეობასთან შედგენილი ოქმები დამუშავების შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესათანხმებლად გადაეგზავნა. რის შემდეგაც მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული და ინფრასტრუქტურული საკითხები საკრებულომ დაამტკიცა.

ნუკრი ანდრიაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე:

– სოფლის განვითარების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის ფარგლებშიც გვარდება ინფრასტრუქტურული პრობლემები. დამტკიცდა ყველა პროექტი,  გავითვალისწინეთ მოსახლეობის აზრი, ამ პროგრამით მოგვარდება ძირითადი პრობლემები. მოსახლეობას მაქსიმალურად დავუდგებით  გვერდში. თვალყურს ვადევნებთ, გავაკონტროლებთ სოფლებში მიმდინარე სამუშაოებს.

სოფლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე საპროექტოს მომზადება უახლოეს მომავალში დაიწყება, რის შემდეგაც ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე დაიწყება ობიექტების მშენებლობა. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი აღნიშნავს უპირატესობა ადგილობრივ კომპანიებს მიენიჭება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხა გადანაწილდება იმ პროექტების მიხედვით, რაც  თითოეულ სოფელში ჩვენს მიერ  ორგანიზებული სამუშაოების შედეგად გამოიკვეთა. სოფლის კრებების შედეგად გარკვეული პრიორიტეტები შეირჩა და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში დაიწყება საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთპირთან მოლაპარაკების საფუძველზე, განვახორციელოთ სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხების ხარჯვა,  რაც ხელს შეუწყობს სამუშაოების მოკლე ვადებში დაწყებას“, -აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მეშვიდე წელია ხორციელდება და სოფლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებას ითვალისწინებს.

მაგდა დევნოზაშვილი

გაზეთი „ბოლნისი”

8 მაისი, 2015წ.


Share.

Comments are closed.