„ყოჩებმა” რეგულარული გათამაშება მოიგო!

0
10856543_361191597416259_2419077008065169383_oბოლნისის “ყოჩებმა” საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის დასკვნით ტურში რუსთავის “ხარები” 10:3 დაამარცხა, რითაც პროგრამა მინიმუმი შეასრულა, რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა, პლეი ოფში უკეთესი პოზიციით გავიდა და ჩემპიონობამდე ორი ნაბიჯი აშორებს.
თამაში მარტყოფში, თავსხმა წვიმაში გაიმართა და ამან შეხვედრის მსვლელობას თავისი დაღი დაასვა. მართალია “ყოჩები” ნომინალური მასპინძელი იყო, მაგრამ ამ სტადიონზე პირველად თამაშობდა და ამ ფაქტორმა, ამინდთან ერთად, გუნდის კაპიტანს და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ თემო სოხაძეს მიზანი აურია. მას საერთო მონაგარის 16 ქულით გაზრდის შანსი ჰქონდა, მაგრამ ოთხი ჯარიმა და ორი გარდასახვა გაუცუდდა. შედეგად, მატჩში უფრო ლოგიკური შედეგი არ დაფიქსირდა და რადგან სხვაობა 7-ქულას არ გასცდა, დაძაბულობაც ბოლო წუთამდე შენარჩუნდა.
ანგარიშის გახსნის პირველი შესაძლებლობა რუსთაველებმა მიიღეს, მაგრამ მე-2 წუთზე ჯარიმა გაუცუდდათ. მერე სოხაძის ჯერი დადგა, რომელმაც გარემოს ალღო ვერ აუღო და პირველი არაზუსტი დარტყმა მე-9 წუთზე შეასრულა. მალე ანგარიშიც გაიხსნა – ვაჟა ხუციშვილმა ჯარიმიდან გუნდს 3 ქულა შესძინა. ნელ-ნელა “ყოჩების” უპირატესობა გამოიკვეთა და 25-ე წუთზე წონასწორობის აღდგენის შანსი გაჩნდა, მაგრამ ჯარიმა არაზუსტი იყო.
ბოლნისელები სამ წუთში მაინც დაწინაურდნენ. ის, რაც ფეხით არ გამოვიდა, ხელდახელ შეტევით განხორციელდა და ნიკო აფციაურმა ლელოთი “ყოჩები” დააქწინაურა. 33-ე წუთზე რატი გარუჩავას ჯერი დადგა, რომელმაც გუნდის მეორე ლელო მიითვალა, მაგრამ გარდასახვები არაზუსტი იყო და ტაიმი 10:3 დასრულდა. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, არადა, “ყოჩებს” ორჯერ შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ჯარიმები არაზუსტი იყო. 10 წუთით “ყოჩები” მეტობაში დარჩა, რადგან რუსთაველები სინბინით დაისაჯნენ და მესამე, პრემიალური ლელოს გატანაც შეიძლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა, ჯამში ბოლნისელებისთვის ამით არაფერი შეცვლილა და გუნდმაც ჩემპიონატის რეგულარული ნაწილი დამსახურებულად დაასრულა პირველ ადგილზეა. ახლა “ყოჩები” 16 აპრილამდე დაისვენებს და მეორეადგილოსანთან, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “ლელო-სარასენსთან” მატჩისთვის მოემზადება, რომელმაც პირველი ფინალისტი უნდა გამოავლინოს. ამ წყვილს შორის დამარცხებულს ფინალში მოხვედრის შანსი კიდევ ექნება, ოღონდ ამისთვის მცირე ფინალში მესამე-მეექვსე ადგილოსანთა პლეი ოფში წარმატებული გუნდი ეყოლება დასამარცხებელი.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. XVIII (ბოლო) ტური 
4 აპრილი
მარტყოფი. 16:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) – ხარები (რუსთავი) 10:3
2 ლელო: აფციაური, გარუჩავა
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
არმია (თბილისი) – ლელო-სარასენსი (თბილისი) 5:26
თბილისი. ავჭალა. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) – ბათუმი (ბათუმი) 13:6
ქუთაისი. აია. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) – არმაზი (თბილისი) 20:5
1. ყოჩები 18 13 1 4 379:246 58
2. ლელო-სარასენსი 18 12 3 3 355:228 56
3. ბათუმი 18 10 1 7 337:261 50
4. ლოკომოტივი 18 9 1 8 327:267 48
5. ხარები 18 9 2 7 326:249 46
6. აია 18 10 0 8 332:246 46
7. არმაზი 18 8 1 9 308:342 38
8. ჯიქები 17 6 2 9 242:263 31
9. არმია 18 4 1 13 222:404 22
10. თიბიესი 17 2 0 15 223:545 11
XVIII ტური. 5 აპრილი
თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი
ჯიქები (გორი) – თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)
პლეი ოფი. პირველი წრე. 9 აპრილი
ბათუმი (ბათუმი) – აია (ქუთაისი)
ლოკომოტივი (თბილისი) – ხარები (რუსთავი)
პლეი ოფი. მეორე წრე. 16 აპრილი
ყოჩები (ბოლნისი) – ლელო-სარასენსი (თბილისი)
პირველი წრის გამარჯვებულები
ავტორი: ზურაბ ქსოვრელი

Share.

Leave A Reply