ოლიმპიურ ცეცხლს ბოლნისი 3 ივნისს უმასპინძლებს

0

11139828_769847256463352_1343881143_nრიგით მე-13-ე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 წლის ზაფხულში თბილისში ჩატარდება, რომელიც 2010 წლის 27 ნოემბერს ბელგრადში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის რიგით 39-ე გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის შედეგად გადაწყდა. ასამბლეაზე კონტინენტის 49 ქვეყანა მონაწილეობდა. თბილისი და ჩეხეთის ქალაქი ბრნო – ამ ქალაქებს შორის ევროპის ოლიმპიურ ოჯახს არჩევანი უნდა გაეკეთებინა და გადაწყვეტილება მიეღო. ფარული კენჭისყრის შედეგად თბილისმა კონკურენტს ხუთი ხმით აჯობა, რაც ჩვენი ქვეყნის სპორტული ცხოვრებისთვის მართლაც ახალი ეტაპის დასაწყისია.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის ცხრა სახეობა – ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი და კალათბურთი ჩაერთვება. თბილისში კონტინენტის 49 ქვეყნის 3800 სპორტსმენი მოიყრის თავს. ევროპულ სტანდარტებზე მოწესრიგდება სპორტული ინფრასტრუქტურა და აშენდება ოლიმპიური სოფელი.

ოლიმპიური  ცეცხლი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი  2015-ის ოფიციალურ დაწყებამდე 2 თვით ადრე უნდა აინთოს.

2015 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოლიმპიური ცეცხლი პირველად შემოვა საქართველოში. ჩირაღდნის პირველი გადაცემა მოხდება ბათუმში, ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს თითქმის 66 ქალაქს მოივლის. 3 ივნისს  ცეცხლი  ბოლნისში, დმანისის მუნიციპალიტეტიდან შემოვა.

ოლიმპიური ცეცხლის გადაცემა საქართველოს ქალაქებს შორის გაწერილი გეგმის მიხედვით განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით  საორგანიზაციო საკითხების დასაზუსტებლად ბოლნისს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

,,საქართველოში პირველად ტარდება  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი,  ისტორიაში პირველად, ოლიმპიური ცეცხლი ჩამოვა საქართველოში და თვენახევრის განმავლობაში მოივლის  66 ქალაქს, ამასთან დაკავშირებით ტარდება საორგანიზაციო საკითხების შესათანხმებელი შეხვედრები,“ _  აცხადებს bolnisi.ge-თან საუბარში ოლიმპიური კომიტეტის დახვედრა-გაცილების დეპარტამენტის უფროსი  ვანო ნონიაშვილი.

,,მათ გვთხოვეს, რომ გამოვავლინოთ  და ჩამოვაყალიბოთ იმ სპორტსმენთა სია, ვინც შეიძლება მოვისაზროთ მეჩირაღდნეებად. არის გარკვეული ინსტრუქტაჟი: სასურველია ეს სპორტსმენები იყვნენ საზოგადოებაში ცნობილი სახეები, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. სრულიად საქართველოს მასშტაბით სადღესასწაულო განწყობა შეიქმნება, რომლებსაც მუნიციპალური ცენტრები უმასპინძლებენ“. – აცხადებს bolnisi.ge-თან საუბარში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი კობა ჟღენტი.

 


Share.

Leave A Reply