კულტურისა და დასვენების პარკში 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს

0

11139571_770396499741761_502065551_n26 წლის წინ,  ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში, შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას. რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. მოშიმშილე დემონსტრანტები აფხაზი სეპარატისტების დასჯასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. საბჭოთა ჯარისკაცები უმოწყალოდ გაუსწორდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს. ამ ავბედით დღეს 21 ადამიანი შეეწირა. დაღუპულებს შორის უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეები. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა როგორც ტრაგედიის,  ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. სწორედ ამასთან დაკავშირებით ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.  მემორიალთან შეკრებილ სტუმრებს სიტყვით ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიმართა.  კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ავბედითი დღე, რომელსაც დიდი ტრაგედია და ამავდროულად დიდი გამარჯვება მოჰყვა.  დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად, აკაურთის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა მამა ბასილ ახვლედიანმა პანაშვიდი გადაიხადა. 9 აპრილის მემორიალთან  №1 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები სანთლებით ხელში იდგნენ. სტუმრებს შორის იყვნენ აზერბაიჯანელი მოქალაქეებიც. მათ მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას ლაიტმოტივად ამ დღისადმი მიძღვნილი ჰანგები გასდევდა.

„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ 1989 წელს  დაღუპული ადამიანების ხსოვნას. ამ დღემ განაპირობა თანამედროვე საქართველოს დამოუკიდებლობა.  იმისათვის, რომ ჩვენს თაობას გააზრებული ჰქონდეს, თუ რის ფასად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, საჭიროა ამ გმირების ღვაწლი ყოველ წელს გავიხსენოთ და უკვდავვყოთ მათი სახელი“,_ აღნიშნა bolnisi.ge-თან  მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

„ვიხსენებთ იმ ტრაგიკულ დღეს, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს მოხდა. ქართველი ახალგაზრდების ლამაზი თაობა 21 ადამიანი ზვარაკად შეეწირა საქართველოს მომავალს. ხორციელი თვალსაზრისით ეს იყო უდიდესი ტრაგედია, მაგრამ ამავდროულად  იყო დიდი გამარჯვება და  იმედი მომავლისა. ჩართულობა ახალგაზრდებისა  ამ ჩამოყალიბებულ ტრადიციაში, იმდენად  მნიშვნელოვანია, რამდენადაც, როგორც ილია მართალი ბრძანებდა, იმისათვის, რომ ჩვენ ვარსებობდეთ და გვერქვას ქართველები, უნდა ვიცოდეთ, რანი ვიყავით, რანი ვართ და რად გვეგულების  ვიყოთ კვლავადაც“,_ აღნიშნა აკაურთის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა მამა ბასილ ახვლედიანმა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსთაველზე ჩატარებული სისხლიანი ოპერაციის შემდეგ ქართველი ერი კიდევ უფრო გაძლიერდა, გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა.


Share.

Leave A Reply