კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება გრძელდება

0

11106208_769449329836478_1766343638_nსახელმწიფო კვლავ აგრძელებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამას. საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, გაზქურა, სარეცხი მანქანა და სხვა, ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გასულ კვირას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შვიდ ოჯახს გადაეცა.

„როცა მითხრეს,   საჩუქარი უნდა მოგივიდესო, ძალიან გამიხარდა. თავდაპირველად არ ვიჯერებდი, შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვართ.“, _ აღნიშნა ანიჩკა მამულაშვილმა.

დღესდღეობით ბოლნისის მუნიციპალიტეტში კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი  35 ბავშვიანი ოჯახია დაკმაყოფილებული, ხოლო 75 ოჯახი მომლოდინეთა რიგში დგას. ანუ, მათი ოჯახური მონაცემები გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში, რომელთა მდგომარეობასაც სპეციალური კომისია შეისწავლის და  დასკვნის საფუძველზე ეტაპობრივად მოხდება  მათი პროგრამაში ჩართვა. პროგრამაში ჩართვის მსურველი ოჯახის განცხადების მიღების შემდეგ, სოციალური მუშაკი ახორციელებს ვიზიტს ოჯახში, შეისწავლის მის მდგომარეობას, წერს დასკვნას და აგზავნის ჯანდაცვის სამინისტროში.

„ოჯახი რომ მოხვდეს აღნიშნულ პროგრამაში, აუცილებელი არ არის  ჰქონდეს სარეიტინგო ქულა, მაგრამ  აუცილებელია ჰყავდეთ უნარშეზღუდული სტატუსის მქონე ბავშვი, ასევე აუცილებელი კრიტერიუმებია ოჯახი იყოს რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართული, მრავალშვილიანი, მარტოხელა დედა ან მამა.  ბავშვის რაოდენობა უნდა შეადგენდეს ოჯახის წევრების რაოდენობის ნახევარს, ან მეტს. კერძოდ, ეს პროექტი პირველ რიგში ბავშვიან ოჯახებზეა გათვლილი. პროგრამა ძალიან საჭირო და დროულია“, _აღნიშნა bolnisi.ge-თან  სოციალური მომსახურების ბოლნისის სააგენტოს განყოფილების უფროსმა ნინო მანაგაძემ.

 

11136815_769449506503127_1952805490_n (1)


Share.

Leave A Reply