ირაკლი გიორხელიძე: “9 მაისს რევანში შედგება!”

0
11066769_365682350300517_6670399492547513722_oბოლნისის “ყოჩებმა” წლევანდელი ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება მოიგო და პირველობის მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ ფინალში გასასვლელ პლეი ოფში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “ლელო-სარასენსთან” პრაქტიკულად მოგებული მატჩი შეცდომების გამო ერთი ქულის სხვაობით დათმო (21:22).
მსგავსი სიტუაცია “ბათუმთან” შეხვედრაშიც დაფიქსირდა და გუნდს, რომელმაც სეზონის 2014 წლის ნაწილი დაუმარცხებლად განვლო (10 მოგება, 1 ფრე), 2015 წელს რვა თამაშში ხუთი წაგება მოუგროვდა. ახლა უკვე რეალურად დადგა, როდესაც წაგება უბრალოდ დაუშვებელია. 2 მაისს “ყოჩები” თბილისის “ლოკომოტივს” ეთამაშება და გამარჯვებული 9 მაისს ფინალში, “ლელო-სარასენსთან” შეხვედრის უფლებას მოიპოვებს. გუნდის მწვრთნელი ირაკლი გიორხელიძე დარწმუნებულია, რომ ფინალუ შეხვედრაში სწორედ “ყოჩები” ითამაშებს და მასთან განცდილი მარცხისთვის რევანშიც შედგება.
მასთან საუბარი 2015 წლის შედეგების შეფასებით დავიწყეთ.
-“ყოჩებმა” ჩემპიონატის 2014 წლის ნაწილი დაუმარცხებლად განვლო, მაგრამ 2015 წელს სიტუაცია შეიცვალა… 
-ალბათ გადავიღალეთ და ასეთი შედეგიც ამის გამო დადგა. თამაშების ზედიზედ მოგებამ, ფსიქოლოგიურად ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა და მოვდუნდით, რაც დაუშვებელი იყო. ამასთან, სხვა გუნდები ფორმაში შევიდნენ და მარცხებიც ამის მიზეზია. რა თქმა გარკვეული გავლენა ტრავმებმაც იქონია, მაგრამ ეს რაგბია ტრავმისგან დაზღვეული არავინაა. პლეი ოფში დავმარცხდით, თუმცა, ცუდად არ გვითამაშია და მომავალი შეხვედრის წინ იმედიანად ვართ.
-ტრავმები ახსენეთ და ახლა რა სიტუაციაა?
-ამ მომენტში ყველაფერი რიგზეა. თითქმის ყველა ფორმაშია და იმედია, ჩემპიონატის ბოლომდე ასე იქნება.
-რას იტყვით მომავალ მეტოქე “ლოკომოტივზე”, რომელთანაც ფინალში გასასვლელი მატჩი 2 მაისს გიწევთ?
-ლოკომოტივი ტრადიციული გუნდია, რომელსაც თავისი სათამაშო ხელწერა აქვს და ყოველთვის ძლიერად თამაშობს. შემადგენლობა გამოცდილი და მზარდი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყავს ვარსკვლავი მწვრთნელი. შემთხვევით არაა, რომ მათ პლეი ოფში ხარები და ბათუმი დაამარცხეს. თანაც, ამ უკანასკნელს სტუმრად მოუგეს, ეს კი, იოლი საქმე არაა. მოკლედ, ძლიერ გუნდთა გვიწევს თამაში.
-როგორ მოემზადებით 2 მაისის მატჩისთვის?
-ამ ეტაპზე ტრადიციულად, “ავჭალაზე” ვვარჯიშობთ. თამაშამდე სამი-ოთხი დღით ადრე შეკრებაზე შევალთ, მაგრამ ჯერ არ გადაგვიწყვეტია სად შებიკრიბებით.
-როგორ ფიქრობთ, შედგება 9 მაისს “ლელო-სარასენსთან” რევაში?
-მანამდე ლოკომოტივს უნდა მოვუგოთ. პროგნოზები არ მიყვარს, მაგრამ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. მესამე ადგილი ვერანაირად ვერ დაგვაკმაყოფილებს, გავალთ მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ფინალში გავიდეთ. მჯერა, რომ 9 მაისს ფინალში ჩვენ ვითამაშებთ და რევანშიც შედგება. გუნდშიც სწორედ ასეთი განწყობაა და ერთად დგომით ყველაფერი შესაძლებელია.
Share.

Comments are closed.