„ვისწავლოთ ქართული”- საპილოტე პროექტს პრეზიდენტის ფონდი დააფინანსებს

0

134351_932011026860017_5760930712912015442_o,,ვისწავლოთ ქართული“ – ამ სახელწოდების პროექტს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ბოლნისის მუნიციპალიტეტის  არაქართულ სოფლებში მოსახლეობის იმ ნაწილისთვის ახორციელებს, რომელსაც  ქართული ენის დაჩქარებული შესწავლა უნდა. პროექტი ფინანსდება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ფონდის მიერ და მუნიციპალიტეტის 7 სოფელში განხორციელდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი უმცირესობების საკითხებში სოფიო სამანიდი, პროექტის კოორდინატორი ეკატერინე კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე, სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში ერთ-ერთ საპილოტე ჯგუფს შეხვდნენ და პროექტის პრეზენტაცია საზეიმო ვითარებაში ჩატარდა. სტუმრებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშელიანმა უმასპინძლა.

სპეციალურად ამ პროექტისთვის,  ცნობილმა ფილოლოგმა კახა გაბუნიამ ქართული ენის სახელმძღვანელო „ქართული ენის დაჩქარებული კურსი არაქართულენოვანთათვის“ შექმნა. წიგნები დაიბეჭდა და რვეულთან და კალამთან ერთად ქართული ენის შესწავლის მსურველებს დაურიგდათ.

„კარგ ხელზე მომეცეს“ – ასე მიმართა სახელმძღვანელოს გადაცემისას უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან გაფრინდაშვილმა მოსწავლეს და ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მათ მსგავს პროექტებში გამოცდილება აქვთ.

„ეს ამჟამად არის საპილოტე  და თუ გაამართლა, სექტემბრიდან კიდევ გაგრძელდება. მე არ ვიცნობ ბავშვებს, არ ვიცი მათი უნარი, მაგრამ მცდელობას არ დავაკლებ,  რომ შევასწავლო, თუ ექნებათ სურვილი შესწავლის, შედეგი  ყოველთვის იქნება“.

 გიორგი აბაშიშვილი,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე:

– პროექტი, რომელიც პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდება, ითვალისწინებს ქართული ენის სწავლებას არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის. პროექტი იქნება სამთვიანი, ეს არის საცდელი,  რომლის ფარგლებშიც დაიბეჭდა წიგნები, რომელიც ხელს შეუწყობს  ენის სწავლების გაადვილებას.  ქართული ენის მასწავლებელი იქნება მივლენილი სკოლებში და შესაბამისად ის დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა ჯგუფის მიხედვით, რათა ქართული ენა ისწავლონ უკეთ. რაც მთავარია, პროექტი არის უფასო და  მნიშვნელოვანია, რომ  მაღალი იყო დაინტერესება ჩვენი მოქალაქე აზერბაიჯანელი მოსწავლეების.  ვფიქრობთ,  პროექტი გაგრძელდება შემოდგომაზე და უფრო ფართო მასშტაბით განხორციელდება. საპილოტე პროექტი ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად და ბუნებრივია ვსწავლობთ გაფართოების შესაძლებლობებს.  მნიშვნელოვანია ამ კუთხით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადგომა იმიტომ, რომ სწორედ მათთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით,  პროექტი  წარმატებული იქნება.

გოგი მეშველიანი,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

– ჩვენს მუნიციპალიტეტში იწყება პროექტი ,,ვისწავლოთ ქართული“, რომელიც დაფინანსებულია პრეზიდენტის ფონდის მიერ. პროექტი განხორციელდება შვიდ სოფელში და სწავლას დაიწყებს  ცამეტი ჯგუფი.  პროექტი  ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის არაქართულენოვანმა მოსახლეობამ შეძლოს ქართული ენის სწავლა.  საკმაოდ მაღალკვალიფიციური  პედაგოგები არიან ჩართული,  რაც   სწავლის მაღალი ხარისხის გარანტი იქნება.  მივესალმებით ამ პროექტის დაწყებას, იმედი გვაქვს, რომ  იქნება წარმატებული და ჩვენი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს მიეცემათ საშუალება სწავლა გააგრძელონ  მეორე ეტაპზეც, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება  და ეს იქნება ერთ-ერთი წინაპირობა  მოსახლეობის ინტეგრაციისთვის.

პროექტი მიზნად ისახავს კომპაქტურად განსახლებულ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის ქართული  მეტყველების და წერა-კითხვის დაჩქარებული, თანამედროვე და ეფექტური მეთოდით სწავლებას. ამგვარი პროექტი ნიადაგს მოუმზადებს როგორც „ქართული ენის შესახებ“ კანონპროექტის განხორციელებას, ისე ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების სრულყოფიულ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

სწავლა სამი თვე გაგრძელდება, შედეგები სპეციალური ტესტებით გამოვლინდება და თითოეულ მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცემა.


Share.

Leave A Reply