“გაჩუქებული” ფინალის საგზური

0
11164670_365681553633930_4610682249270849443_oსხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რაც 16 აპრილს “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე მოხდა. ბოლნისის “ყოჩებმა” “ლელო-სარასენსთან” მატჩის მსვლელობისას ოჯერ შეძლო გარდატეხის შეტანა, დასკვნით 10 წუთში მეტოქისთვის საქმეც უნდა მოემთავრებინა, მაგრამ შეცდომები დაუშვა და ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით მინიმალური სხვაობით, 21:22 დამარცხდა.
შეცდომები და უიღბლობა – სწორედ ესაა ამ თამაშის წაგების ძირითადი მიზეზი. პირველი (შეცდომები) მოწინააღმდეგესაც ჰქონდა, მაგრამ იმ დღეს სრულად მის მხარეს იყო იღბალი და ამ იღბალმა ირაკლი ყიასაშვილს ორჯერ ზედიზედ შორეული, წარმოუდგენელი არეკნი გაატანინა, მაშინ, როდესაც მეორე არეკნამდე რამდენიმე წუთით ადრე “ლელო-სარასენსის” ჩათვლის მოედანში წარმოუდგენელი ლელო არ გავიდა.
ფინალში გასასვლელმა პლეი ოფმა მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია და 2-ათასიანი ტრიბუნაც ლამის პირთამდე შეივსო. ქომაგთო შორის გამოიტჩეოდნენ “ყოჩების” ახალგაზრდული გუნდის წევრები და სპეციალურად ბოლნისიდან ჩამოსული ქომაგები, რომლებიც დროშებით შეიარაღებული მთელი 80 წუთი ამხნევებდნენ უფროს გუნდელებს.
“ყოჩებმა” რეგულარული პირველობა მოიგო, მაგრამ მისი მეტოქე მეორე ადგილზე, ბოლო ორი წლის ჩემპიონი თბილისის “ლელო-სარასენსი” იყო, რომლის მორაგბეებსაც გადამწყვეტ თამაშებში მონაწილეობის მეტი გამოცდილება აქვთ და შეხვედრაც მათი უპირატესობით დაიწყო. ბოლნისელები თავს იცავდნენ და თემურ სოხაძე ფეხით ცდილობდა საფრთხის განმუხტვას – მან ერთ მომენტში დარტყმა 70 მეტრზეც შეასრულა, მაგრამ ხშირი იყო ჯარიმები და ჩვენი გუნდი საწყის 15 წუთში 4-ჯერ დაჯარიმდა. ერთ-ერთი ჯარიმისას ირლანდიელმა რეფერიმ დავით გრძელიშვილი მოლის განზრახ ჩაქცევაში დაადანაშაულა და “ყოჩები” 10 წუთით კაცნაკლული დატოვა. ამით თბილისელებმა ისარგებლეს, გიორგი ლომთაძემ ხაზი გაჭრა და ანგარიში გახსნა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 0:7. ლომთაძე “ლელო-სარასენსის” მთავარი მელელოვეა და ეს მისი მე-8 ლელო იყო მიმდინარე ჩემპიონატში, რითაც ბათუმელ ლევან თხელიძეს გაუტოლდა და იმ მომენტისთვის პირველ ადგილზე მყოფ ირაკლი გეგენავასთან ჩამორჩენა 1 ლელომდე შემცირდა.
“ყოჩების” გარემარბმა სიტუაცია მალევე გამოასწორა და მდევრებთან უპირატესობა კვლავ 2 ლელომდე გაზარდა. ეს ტაიმის შუაშუ მოხდა და გარდამტეხი აღმოჩნდა. “ლელო-სარასენსმა” ბოლნისელთა ნახევარზე, ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დაკარგა ბურთი, რატი გარუჩავამ ის ფეხით მეტოქის ჩათვლის მოედნისკენ გაგზავნა, გეგენავამ მცველებთან 3-4 მეტრიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ოვალთან ერთად მეტოქის ჩათვლის მოედანში შესრიალდა. სოხაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და კაცნაკლულმა “ყოჩებმა” წონასწორობა აღადგინა.
ბოლნისელებმა საწყისი ნერვიულობა გადალახეს, სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქე შერკინებაშიც დაჯაბნეს. ახლა უკვე თბილისელებს გაუჭირდათ და ისინი 8-წუთიან ინტერვალში 5-ჯერ დაჯარიმდნენ. სოხაძეს პირველი დარტყმა ცენტრიდან გაუცუდდა, მერე არეკნიც ვერ გაიტანა, მაგრამ მომდევნო ორ შემთხვევაში “ყოჩების” შერკინებას გარჯა არ დაუკარგა და 33-ე წუთზე გუნდი 13:7 დაწინაურდა. ტაიმი ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ზედ შესვენების წინ “ლელო-სარასენსმა” კარის წინ 23 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად, თბილისელების შეტევებით დაიწყო, მაგრამ ქვემოქართლელებმა 22-ში თავი კარგად დაიცვეს, მერე იქიდანვე შერკინებიდან შეუტიეს, ნიკა ჩხიკვაძემ ბურთი გიორგი ბეგაძეს გაატანა, რომელმაც ხაზი გაჭრა და მარცხენა ფლანგზე გიორგი ხარშილაძეს, ხოლო მან ლევან გოგოლაშვილს უპასა. მან პირველი მბოჭავი აიცილა, მაგრამ ბოლო მცველს ვეღარ გაექცა და ლელოს გატანა არ გამოვიდა. ამას 5-წუთიანი “ჩავარდნა” მოყვა – 51-ე წუთზე ყიასაშვილმა ჯარიმა ვერ გაიტანა, მაგრამ ორიოდე წუთში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 56-ე წუთზე ფეხით გადაკიდებული ბურთი ცენტრის სიახლოვეს დაიჭირა, რადგან შეტევის გაგრძელების სხვა გზა არ ჰქონდა, ალალ ბედზე არეკნი დაჰკრა და 47 მეტრიდან “ლელო-სარასენსი” დააწინაურა (13:16).
ბოლნისელები გააქტიურდნენ და 38 მეტრიდან ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს, მაგრამ ზედ ხაზთან უნებლიე ბლოკისთვის დაისაჯნენ. მათი მონდომება ლელოთი 63-ე წუთზე დასრულდა – შეცვლაზე შესული ჯაბა კიკვიძის შეჩერებას სამი მბოჭავი დაჭირდა, ხარშილაძემ 22-მეტრიანთან ხაზი გაჭრა და დაახლოებით 15 მეტრი იარა, შებოჭილი ფეხზე რომ დარჩა ბურთი დავით ხიდეშელს ამოუგდო, რომელმაც ზურგს უკან სწრაფადვე შავლეგ მახარაშვილს დიდებულად უპასა და ისიც დაუცველ ჩათვლის მოედანში შეხტა. სამწუხაროდ, სოხაძეს გარდასახვა გაუფუჭდა და მერე ეს 2 ქულა ძლიერ დაგვაკლდა.
ამ მომენტისთვის მატჩის მსვლელობაში კიდევ ერთხელ მოხდა გარდატეხა და “ყოჩებს” მეტოქის გატეხვის შანსი გაუჩნდა, მით უმეტეს, თამაში რომ განახლდა ლომთაძე ჰაერში ბოჭვისთვის ყვითელი ბარათით დაისაჯა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. მეტობის გამოყენება 71-ე წუთზე შეიძლებოდა – შეცვლაზე შესულმა რატი ურუშაძემ გიორგი ტყეშელიაძეს ხაზი გააჭრევინა და მანაც კონტაქტში შესულმა გიორგი ბეგაძეს უპასა, მაგრამ “ყოჩების” 9 ნომერმა მისი მიღება ვერ მოახერხა… იღბალმა ასე ჩათვალა საჭიროდ და რადგან ბეგაძის წინ აღარავინ რჩებოდა, 100-პროცენტიანი სალელოვე შანსი გამოუყენებელი დარჩა. ამ შეტევით ბოლნისელებმა 7-ის ნაცვლად 3 ქულა აიღეს, რადგან “ლელო-სარასენსი” შერკინებაში დაჯარიმდა და სოხაძემ ზუსტად დაარტყა – 21:16.
ასეთ თამაშში საფინალო სასტვენამდე 8 წუთით ადრე 5-ქულიანი უპირატესობა სოლიდურია, მაგრამ განახლდა თუ არა შეხვედრა, იღბალმა კიდევ ერთხელ იჩინა თავი და ყიასაშვილს კიდევ ერთი შორეული არეკნი წაუვიდა. თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ჩამორჩენა კვლავ 2-ქულამდე დავიდა. 77-ე წუთზე რეფერიმ მოლის ჩაქცევაში ბეგაძე დაადანაშაულა და ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ კარიდან მარცხნივ დაახლოებით 24 მეტრიდან ჯარიმა რომ არაზუსტი იყო, თითქოს მოგებას წინ აღარაფერი ედგა, თუმცა, კაცნაკლულმა “ყოჩებმა” დროის გაყვანა საკუთარ ნახევარზე სცადა და ბურთის ფეხით მოგერიების ნაცვლად ხელდახელ შეუტია, რეფერიმ კარის წინ 30 მეტრში ჯარიმა დანიშნა და ყიასაშვილმა “ლელო-სარასენსს” 22:21 მოაგებინა.
ამით “ყოჩებისთვის არაფერი დასრულებულა და რევანშის შანსი აუცილებლად იქნება, ოღონდ ამისათვის “ყოჩებმა” 2 მაისს უნდა იყოჩაღოს. მცირე ფინალში ბოლნისელების მომავალი მეტოქე “ბათუმი”, ან “ლოკომოტივი” იქნება. ეს გუნდები ფოთის ხელოვნურ მოედანზე 18 აპრილს ითამაშებენ და ფინალის საგზურს მათ შორის გამარჯვებული შეგვეცილება.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი 
პლეი ოფი. II წრე
16 აპრილი. ხუთშაბათი. შესარჩევი
თბილისი. “ავჭალა”. 2000 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) – ლელო-სარასენსი (თბილისი) 21:22 (13:10)
ყოჩები: 15. შავლეგ მახარაშვილი, 14. ირაკლი გეგენავა (ალექსი ხუციშვილი 57), 13. გიორგი ხარშილაძე, 12. რატი გარუჩავა, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. თემურ სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. თემურ ჯინჭარაძე (ბაჩანა გოგიშვილი 50), 2. დავით ხიდეშელი, 3. ლევან შენგელია (გიორგი ჯაშიტაშვილი 47), 4. მიხეილ არჩუაშვილი, 5. დავით გრძელიშვილი (ჯაბა კიკვიძე 41), 6. ნიკო აფციაური (ბექა გუგეშაშვილი 62), 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე (რატი ურუშაძე 66).
2 ლელო: გეგენავა, მახარაშვილი
1 გარდასახვა: სოხაძე
3 ჯარიმა: სოხაძე
2 სინბინი: გრძელიშვილი, ბეგაძე
ლელო-სარასენსი: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ზურაბ ზაალიშვილი, 13. გიორგი ტალახაძე, 12. თორნიკე ცერცვაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი კაჭარავა; 1. გიორგი სანიკიძე (ზურაბ ჯულაყიძე 54), 2. გიორგი ლომთაძე (ნიკოლოზ მამისაშვილი 78), 3. შოთა მელიქიძე, 4. ზურაბ ხორბალაძე (გიორგი ჭყოიძე 65), 5. სანდრო ქოიავა, 6. ბაჩანა კოლელიშვილი, დაჩი კოპაძე, 8. ზვიად მაისურაძე (ნიკოლოზ მამისაშვილი 68-78).
1 ლელო: ლომთაძე,
1 გარდასახვა: ყიასაშვილი
3 ჯარიმა: ყიასაშვილი
2 არეკნი: ყიასაშვილი
1 სინბინი: ლომთაძე
kochebi.ge-ის ავტორი: ზურაბ ქსოვრელი.

Share.

Leave A Reply