ბზის ჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება ისჯება კანონით!

0

1926814_852722834784688_3404075796215805618_n

► ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა: 150-დან 500 ლარამდე
► თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს
აღიძრება სისხლის სამართლის საქმე

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორემ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და საქართველოს მოსახლეობას მოუწოდეს თავი შეიკავონ ბზის მოჭრისგან.

ბზობის დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლოა ბზა, რომელიც აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდი რაოდენობით იჭრება და იყიდება. კოლხური ბზა ენდემური სახეობაა, არის კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი და უძვირფასესი მცენარე. მის გაზრდას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება და ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით, რისი ერთერთი უმთავრესი მიზეზიც სწორედ უკონტროლო ჭრაა. ამის გამო, კოლხური ბზა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებულ ბზის კორომებში უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გამოვლინდა დაავადება – ე.წ.”ბზის სიდამწვრე”, აღნიშნული დაავადების გამო თითქმის მთლიანად განადგურდა აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბზის უნიკალური კორომები და იგივე საფრთხე ემუქრება ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე გავრცელებულ ბზებსაც. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში განხორციელდება ბზის კორომების სატყეო პათოლოგიური გამოკვლევა მის მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში.

სხვადასხვა სანერგე მეურნეობებში სპეციალურად გამოყვანილი ბზა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება და ჩვენი საერთო ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წინასწარ გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს.


Share.

Leave A Reply